1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.
ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ,,ავერსი ფარმას” პერსონალის შეფასებისა და განვითარების მენეჯერის ნათია ჭოჭუას ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
კომპანია „ავერსი“ 1994 წელს დაარსდა. მან საქართველოში 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა და ხარისხიანი მომსახურების ურყევი სტანდარტი დაამკვიდრა.
„ავერსი“ ლათინური სიტყვაა, რომლის მნიშვნელობაც საუკეთესოდ გამოხატავს კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას და სპირალურ აღმასვლას. „ავერსის“ მთავარი საზრუნავი მომხმარებლის ჯანმრთელობაა. ამაზე მეტყველებს კომპანიის სლოგანიც: „გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!“ ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი „ავერსის“ ძირითადი ღირებულებებია.
რა უპირატესობები აქვს ჩვენს კომპანიას და რატომ უნდა აირჩიოთ ის ?!
კომპანიაში, რომლის წევრიც შესაძლოა გახდეთ, არის:
- ჰოლდინგის ფარგლებში კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
- სწავლისა და სტაჟირების მოქნილი სისტემა;
- უწყვეტი სწავლების სისტემა დასაქმებულთა პროფესიული ზრდისთვის;
- მოქნილი სამოტივაციო სისტემა;
- თანამშრომელთა ადაპტირებული სახელფასო სისტემა;
- თვითრეალიზაციისა და თვითგანვითარების შესანიშნავი შესაძლებლობა თითოეული დასაქმებულისთვის.
„ავერსის“ სახელთან ასოცირდება:
- „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი;
- ფარმაცევტული საწარმო „ავერსი–რაციონალი“;
- ავერსის კლინიკა;
- კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი;
- აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა;
- კლინიკა „მედალფა“;
- სამშობიარო სახლი „ახალი სიცოცხლე“;
- სადაზღვევო კომპანია „ალფა“;
- საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“.
კომპანია „ავერსი“ უნიკალურ საკადრო პოლიტიკას ახორციელებს:
საკადრო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია თანამშრომელთა მოტივირება. ამისთვის შემუშავებულია უწყვეტი შეფასების მრავალკომპონენტიანი სისტემა, რომელიც ცოდნისა და პროფესიონალიზმის გამოვლენის უმნიშვნელო დეტალსაც კი ითვლისწინებს.
- კომპანიის წარმატებული თანამშრომლები ფიქსირებულ ხელფასთან ერთად ყოველთვიურ პრემიასაც იღებენ. წამახალისებელი პრემია ასევე გაიცემა ტესტირებაში მიღწეული მაღალი შედეგისთვის.
- თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულია ხელფასის მატება სტაჟთან ერთად.
- ახალდაოჯახებულებისთვის გათვალისწინებულია ფინანსური დახმარება. თანამშრომლის ქორწინების შემთხვევაში მთელი დეპარტამენტიც წამახალისებელ ფულად ჯილდოს იღებს. ფულად ჯილდოს იღებენ თანამშრომლებიც, რომლებსაც შვილი შეეძინებათ.
- კომპანიის ხელმძღვანელობის ინიციატივით, წარმატებული ავერსელები, რომლებმაც კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში გამორჩეული როლი შეასრულეს, ყოველწლიურად სხვადასხვა წამახალისებელი პრიზით საჩუქრდებიან და საზღვარგარეთ მიემგზავრებიან შემოქმედებითი მივლინებით. ავერსელებმა ამგვარად მოინახულეს უკრაინა, თურქეთი, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები, ისრაელი…
იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო და სასარგებლო იქნება თქვენთვის.
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს …
იცოდე როგორ შექმნა არაფრისგან ყველაფერი, დაეხმარო ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვაში, აღმოაჩინო ადამიანებში საინტერესო და სასარგებლო და ასევე ის, რაც შესაძლოა თვითონაც არ იცოდნენ და დაეხმარო მათ განვითარებასა და თვითრეალიზაციაში.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
კანდიდატის პიროვნებას და მის რესურსს. გარკვეული უნარების განვითარება შესაძლებელია, აი პიროვნული თვისებების შეცვლა კი – თითქმის შეუძლებელი. ამასთან გააჩნია ვაკანსიას და მოთხოვნას: ბუნებრივია კომპეტენცია მნიშვნელოვანია.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
არ არსებობს ასეთი რეზიუმე. მნიშვნელოვანია შეგეძლოს ყველანაირ ადამიანთან ურთიერთობა და ყველანაირი აზრის მოსმენა, რომ უკეთ შეძლო დასკვნების გამოტანა და შესაბამისობის პოვნა.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
მას ექნება თვითრეალიზაციისა და თვითგანვითარების შესანიშნავი საშუალება, რადგან ავერსი უდიდესი ჰოლდინგია, სადაც მოტივირებულ და კომპეტენტურ თანამშრომელს აქვს თვითრეალიზაციისა და წინსვლის პესპექტივა.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
- მნიშვნელოვანია გჯეროდეთ საკუთარი თავის
თქვენი საქციელითა და უნებლიე მოძრაობებით იოლად მიხვდება ინტერვიუერი რამდენად გჯერავთ საკუთარი შესაძლებლობებისა და მოსაზრებების. ასე, რომ დაუჯერეთ საკუთარ თავს, თუ გსურს, სხვებსაც სჯეროდეთ თქვენი. - განეწყვეთ პოზიტიურად
ამ პუნქტის შესრულება ყველაზე მეტად უჭირთ სამსახურის მაძიებლებს. ყველა შეკითხვას, თუნდაც ნეგატიური იყოს, დადებითი კუთხიდან გაეცით პასუხი. ყველასთვის რთულია უმუშევრობა, სამუშაოს ძიების პროცესი კი – დამღლელი, მაგრამ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა მნიშვნელოვანია თქვენი მომავალი პესპექტივისთვისაც და დამსაქმებლისთვის კი მომხიბლველი.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.