შემოგვიერთდით

250-ზე მეტი ჯგუფი და 109 ქორწილში დადგმული ცეკვა – გაიცანით ანი აბულაძე ქორეოგრაფი

HR hub: ანი მოგვიყევი როდის დაიწყე პირველად ცეკვა?

პირველად ცეკვა დავიწყე ქართული ცეკვის ანსამბლ “მერანში” 5 წლის ასაკში. თუმცა მთელი ოჯახი მეუბნება, ფეხი ავიდგი თუ არა, საათობით შემეძლო ერთ ადგილას ტრიალი მაიკლ ჯექსონის სიმღერებზე.

HR hub: საიდან წამოვიდა იდეა შეგექმნა შენი ცეკვის სტუდია?
კარგი კითხვაა. 18 წლის რომ გავხდი უკვე პროფესიაც მქონდა არჩეული. მეორე კურსზე ვიყავი “საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში” ფაკულტეტი რა თქმა უნდა ქორეოგრაფიული. ჩემს სახლში ასე ვთქვათ სარდაფი გავარემონტე და გადავაკეთე ცეკვის სტუდიად. იქვე სამეზობლოში გამოვაკარი რეკლამები და 15 სექტემბერს ჩემდა გასაოცრად დათქმულ დროს 25 პატარა პრინცესა მოვიდა ჩემთან ცეკვის შესასწავლად. ასე ჩამოყალიბდა ცეკვის სტუდია “ანისია”.

HR hub: ვის შეუძლია შენთან ცეკვაზე სიარული და რომელ ცეკვებს ასწავლი?
რა თქმა უნდა ყველას ვისაც სურვილი აქვს ასაკის შეუზღუდავად. “ანისიაში” შეისწავლით ქართულ და თანამედროვე ცეკვებს. 4 წელი ვასწავლიდი პატარებს და როდესაც უკვე სცენაზე უნდა გამეყვანა გავუშვი ბავშვები. საუკეთესო მოსწავლეები კი სუხიშვილებში მივიყვანე. რაც ძალიან მეამაყება.
შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ მაგრამ ქორეოგრაფები, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მშობლების გაკოტრებით იწყობენ კარიერას. მე ეგ არ შემეძლო და ძალიან კარგი გამოსავალი ვიპოვე, ვდგამ ფლეშმობებს ქორწილებისთვის, ბანკეტებისთვის კორპორატიულებისთვის და ვისაც ცეკვა უყვარს.
HR hub: ვისაც ქორწილში ცეკვის დადგმა უნდა, მაშინვე შენ გიწევენ რეკომენდაციას. გაიხსენე პირველად ვის დაეხმარე საქორწილო ცეკვების ორგანიზებაში?

პირველად ფლეშმობი დავუდგი ჩემს მეგობარს ქორწილისთვის და მახსოვს ისე ვნერვიულობდი ქორწილში, რომ სანამ არ იცეკვეს არც მიჭამია და არც დამილევია.


HR hub: ძირითადად რა სურვილით მოგმართავენ ხოლმე სიძე-პატარძალი?

ძირითადად წყვილები მომმართავენ ცეკვა ქართულისა და ტანგოს შესასწავლად. ერთი კურიოზი გამახსენდა. წყვილი დადიოდა ქართულის შესასწავლად და ამავე დროს მათი მეგობრები მოვიდნენ ფლეშმობის დასადგმელად. ოღონდ ამას მივხვდით მაშინ, როდესაც ამ წყვილს მოჰყვა მეჯვარე, რომელიც ფლეშმობის ჯგუფთან ერთად დადიოდა. მოკლედ ერთი ქორწილისთვის ემზადებოდნენ. მეგობრები სიურპრიზს უკეთებდნენ ნეფე-დედოფალს. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ვითომ მეჯვარეს არ ვიცნობდი და თავიდან გავიცანი წყვილს რომ არაფერი ეეჭვათ.


HR hub: ერთი პერიოდი ძალიან აქტუალური იყო ქორწილში ცეკვების დადგმა, რა ვითარებაა ახლა?

კი მართალი ხარ ბოლო ორი წელია ისე აღარ არის მოდაში ქორწილებში დადგმული ფლეშმობების ცეკვა. თუმცა მე არ ვუჩივი მოსწავლეების ნაკლებობას.


HR hub: სულ რამდენი საქორწილო ცეკვა გაქვს დადგმული შეგიძლია გვითხრა?

8 წლის განმავლობაში სულ 250-ზე მეტი ჯგუფი მყოლია. აქედან 109 ქორწილში ვარ ნამყოფი. ბოლო სამი წელია უკვე აღარ დავდივარ ქორწილებში, რადგან ვინმე მეგობრის ან ნათესავის ქორწილში სიხარულით წავიდე.


HR hub: რომელიმე ცეკვა ხომ არ გახსოვს გამორჩეულად?

კი და ეს უნდა ნახოთ ჩემს ფეისბუქ გვერდზე. მე მიყვარს სიძეები რომ უკეთებენ ხოლმე მეგობრებთან ერთად პატარძალს სიურპრიზს. განსაკუთრებული ცეკვები გამოდის.
HR hub: რას საქმიანობ ამ ეტაპზე?

ამ ეტაპზე ისევ და ისევ ჩემს სტუდიაში ვასწავლი ქართული ცეკვის მოყვარულებს და სკოლაში ბავშვებს ჰიპ-ჰოპს.
HR hub:  რა არის შენთვის ცეკვა?

ძალიან ბანალურია, მაგრამ ყველაფერი. მე მჯერა რომ ადამიანს რა საქმეც უყვარს ის საქმე უნდა აკეთოს. ალბათ იმიტომ ვარ ჩემს საქმეში წარმატებული.