შემოგვიერთდით

თეონა მალაციძის ისტორია Retail Group Georgia-ში – გაყიდვების კონსულტანტობიდან რეგიონულ ვიზუალ მერჩენდაიზერობამდე

კომპანიაში სადაც ნამდვილად სჯერათ თანამშრომლების პოტენციალის და აფასებენ თითოეული ადამიანის ინტერესებს ყოველთვის მიაღწევ წარმატებას, მაგრამ წინსვლა და წარმატება, რომ მხოლოდ გარემო ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული და უმეტესად შენს შრომაზე და მონდომაბეზეა დამყარებული, ამის ნათელი მაგალითი Retail Group Georgia – ს რეგიონული ვიზუალ მერჩენდაიზერის, თეონა მალაციძის ისტორიაა.

HR hub: თეონა, მოგვიყევი შენზე და შენი კარიერის დასაწყისზე Retail Group Georgia– ში

მუშაობა რომ დავიწყე მეორე კურსს ვამთავრებდი. ვსწავლობდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, კერძოდ მენეჯმენტზე. კომპანიის შესახებ პირველად ჩემი მეგობრისგან შევიტყვე, რომელიც ნახევარ განაკვეთზე ამავე კომპანიაში უკვე მუშაობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ვსწავლობდი, მოქნილი გრაფიკი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რის საშუალებასაც აღნიშნული კომპანია მაძლევდა. ამიტომაც 2014 წლის ივნისს, მუშაობა დავიწყე ნახევარ განაკვეთზე გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე მაღაზია Cortefiel-ში, რასაც სამუშაო გამოცდილების დაგროვებისთანავე მოყვა სრულ განაკვეთზე გადასვლა მაღაზია La Senza-ში.

HR hub: მოგვიყევი იმ გამოწვევებზე და სიძნელეებზე რისი გადალახვაც მოგიწია კარიერის შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად.

იქიდან გამომდინარე რომ მენეჯმენტზე ვსწავლობდი, პრაქტიკულმა გამოცდილებამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. სრულ განაკვეთზე მუშაობის დროს ვერკვეოდი მენეჯერის მოვალეობებში, თუ როგორ უნდა დამესახა პრიორიტეტები, შემესრულებინა დღის გეგმა წარმატებით და გადამენაწილებინა დრო ოპტიმალურად.  პერიოდულად გვიტარდებოდა ისეთი ტრენინგები მომსახურების კუთხით, რომელიც გვეხმარებოდა მომხმარებელთან კომუნიკაციაში და რა თქმა უნდა ხელს უწყობდა იმ ამოცანების შესრულებას, რომლითაც იზომებოდა შედეგები.

ერთ წლიანი ინტერვალებით დავწინაურდი იმავე მაღაზიაში მენეჯერის ასისტენტის და შემდეგ La Vie en Rose-ში მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. უამრავი გამოწვევა და სიახლე იყო ჩემს ირგვლივ. ვცდილობდი თითოეული სირთულიდან მესწავლა და სწორედ გამომეყენებინა გამოცდილება კიდევ უფრო რთული ამოცანების გადასაჭრელად. მაღაზიის მენეჯერად მუშაობის დროს, სრულიად გუნდის შედეგებზე ვაგებდი პასუხს, რაც თავისთავად დიდი პასუხისმგებლობა იყო. ეს მავალდებულებდა მემუშავა ჩემს თავზე, გამომემუშავებინა დროის მენეჯმენტის, თანამშრომლებთან კომუნიკაციის, საქმის დელეგირების, მათი სამუშაოს დაგეგმვისა და შემდეგ შეფასების უნარები და გამეხადა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი.

HR hub: თეონა, ვინ და რა ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა თქვენს კარიერულ წინსვლაზე?

მენეჯმენტის კუთხით განათლებამ, დაგროვილმა გამოცდილებამ და დამატებითმა პასუხისმგებლობამ საშუალება მომცა ცოდნა გამეღრმავებინ ისეთ საკითხებში, როგორიც არის ბრენდ პარტნიორებთან კომუნიკაცია, კომერციული ცოდნის გაღრმავება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და სხვა.

აუცილებლად აღსანიშნავია ჩემი უშუალო ხელმძღვანელის წვლილი იმ ცოდნის და გამოცდილების დაგროვებაში, რომელიც დღემდე გზას მიკვალავს.

იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც ვიზუალური მერჩენდაიზინგის კუთხით ინტერესი გამოვიჩინე საქმის შესწავლაში, კომპანიის გამოცდილი თანამშრომლები დამეხმარნენ, რაც რეალურად ჩემი კარიერის გაგრძელების შემდეგი საფეხური გახდა და საკმაოდ კონკურენტული შიდა შერჩევის წარმატებით გავლის შემდეგ, უკვე მეოთხედ დავწინაურდი რეგიონული ვიზუალ მერჩენდაიზერის პოზიციაზე, რომელსაც დღემდე ვიკავებ. იმისათვის, რომ ვიზუალ მერჩენდაიზინგისა თუ მარკეტინგის კუთხით  მუდმივად განახლებული იყოს ჩემი ცოდნა, ტრენინგები გავიარე იორდანიაში და დუბაიში, ვიყავი პრეზენტატორი სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციებზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. დღევანდელი ჩემი ყოველდღიურობა სავსეა იმ საქმით, რომელიც მიყვარს და სიამოვნებით ვაკეთებ.

HR hub: რას ეტყოდით მომავალ თაობას, რომელიც კარიერას ახლა იწყებს?

გახსოვდეთ, რომ შესაძლებლობები ამოუწურავია, მთავარია განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა და დაუღალავი შრომა.

თუ თქვენც გსურთ შეუერთდეთ Retail Group Georgia – ს განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, შეავსეთ აპლიკაცია 20 სექტემბრამდე.