HRhub.ge აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია, დრიმლენდ ოაზისის HR მენეჯერი თამარ ჩხაიძე.
HR hub: თამარ რას გვეტყვით ადამიანური კაპიტალის მართვის თქვენეულ მიდგომაზე, რაც გამოარჩევს თქვენს კომპანიას, როგორც დამსაქმებელს და როგორ აისახება ამ მიდგომის ეფექტიანობა შედეგებზე?
კომპანია დრიმლენდ ოაზისის ადამიანური რესურსების მართვის მიდგომები გამომდინარეობს კომპანიიის სტრატეგიული მიზნებიდან და ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ კომპანიის წარმატების მთავარ საწინდარს თითოეული თანამშრომელი წარმოადგენს.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანიის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანებისთვის ბედნიერების და დადებითი ემოციების მინიჭებასთან, გვჯერა რომ ამ ყველაფერში თითოეულ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანს შეაქვს უდიდესი წვლილი და სწორედ მათი ჩართულობა, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი სიყვარული განაპირობებს კომპანიის მუდმივ განვითარებასა და წარმატებას.
დრიმლენდ ოაზისის HR გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკრუტინგული პროცესის სათანადოდ წარმართვა და თითოეული ვაკანტური პოზიციისთვის შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა, რომელიც წვლილს შეიტანს კომპანიის განვითარებაში, ასევე აქ მუშაობის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობთ შევუქმნათ გარემო, სადაც ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები.
ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტი შერჩევის პროცესში გახლავთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაქსიმალური ხელშეწყობა. ნებისმიერ პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადებიდან, ჩვენი ამოცანაა პირველ რიგში რეგიონში მოვიძიოთ შესაბამისი კანდიდატურები. გვყავს თანამშრომლები აჭარიდან, რომლებიც კომპანიის დაარსებიდან არიან ჩვენი გუნდის წევრები და თითოეულ მათგანს გამოარჩევს მუდმივი განვითარების სურვილი და კომპანიის სიყვარული.
სწორედ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენი სტუმრებისთვის ასოცირდებიან დრიმლენდ ოაზისთან, ჩვენს სახეს წარმოადგენენ და მათ გარეშე სასტუმროს წარმოდგენა შეუძლებელია.
ასევე, კომპანიაში დასაქმებულები არიან სხვადასხვა ქალაქიდან. მათ შორის თბილისიდან, რომელთა წარმატებასა და სასურველი სამუშაო სივრცის შექმნაში ჰრ დეპარტამენტი ყველაზე დიდ როლს თამაშობს. ორიენტირებულები ვართ გრძელვადიან თანამშრომლობაზე და თითოეული თანამშრომლის კარიერულ განვითარებაზე.
HR hub: პანდემიაზე კითხვას გვერდს ვერ ავუვლით, რა მთვარი გამოწვვები გამოიკვეთა პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?
ჩემი აზრით სწორედ პანდემიის დაწყების პერიოდი იყო ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც კომპანიას უნდა დაემტკიცებინა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო თითოეული თანამშრომელი და მათი შენარჩუნება. იმ დროს, როდესაც ჰორეკა ბიზნესი მნიშვნელოვანად დაზარალდა, ჩვენც არ ვყოფილვართ გამონაკლისები და სასტუმრო ფაქტიურად მომხმარებლის და შესაბამისად შემოსავლის გარეშე დარჩა. ჩვენთვის თითოეული თანამრომელი არის მნიშვნელოვანი ამიტომ, მაქსიმალურად მოვერგეთ არსებულ მდგომარეობას. გარკვეული თანამშრომლების ნაწილი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე და შედგა სპეციალური გრაფიკი. ამ ყველაფრის საფუძველზე შევინარჩუნეთ გუნდი და არცერთი მათგანი არ დავტოვეთ შემოსავლის გარეშე.
HR hub: როგორ ვითარდება კომპანია და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
კომპანიას ამ ეტაპზე მუდმივად დასაქმებული ჰყავს 200 თანამშრომელი. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სეზონურ პერიოდში თანამშრომლების რაოდენობა გაიზრდება 600-მდე. ამავდროულად კომპლექსს ემატება ახალი სასმელებისა და კვების ობიექტი, საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მოიცავს როგორც სასტუმროს ნომრებს ისე აპარტამენტებს, რაც მუდმივ დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის 250 თანამშრომლამდე.
გარდა ამისა, HR დეპარტამენტი მუდმივად მუშაობს პროცესების დახვეწაზე, თანამშრომელთა სამუშაო უნარების განვითარებაზე.
როგორც აღვნიშნე, თანამშრომლების გარკვეული ნაწილი, შერჩეულია სხვადასხვა ქალაქიდან რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს სასტუმროში, მათ შორის მეც. ასეთ დროს, ჩვენი მთავარი ამოცანაა და ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახური გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომელი თავს იგრძნობს კომფორტულად, ბედნიერად, იქნება მოტივირებული შეასრულოს მისი საყვარელი საქმე, რაც რა თქმა უნდა საწინდარია კომპანიის წარმატების.