შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – პალიტრა მედია ჰოლდინგს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება.

სამსახურის მაძიებლები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://forms.gle/ThsrUGNZLLAA1nXx8 შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის (Zoom.us) პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ პალიტრა მედია ჰოლდინგის შერჩევის მიმართულების ხელმძღვანელის მარიამ ლოცულაშვილისა და შერჩევის მენეჯერის ლიკა ზაზაშვილის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

პალიტრა მედია ჰოლდინგი – ეს არის კომპანია ძალიან მნიშვნელოვანი წარსულით და მომავლის ამბიციური ხედვით.

ჩვენი ისტორია 1995 წლიდან იწყება,  25 წელია ვქმნით კომპანიას, რომელიც ბაზარზე იკავებს ლიდერ პოზიციას თავის ინდუსტრიაში.

50 შვილობილი კომპანია, 6 მსხვილი ინდუსტრია და და 2500-ზე მეტი თანამშრომელი – ეს არის ის მნიშვნელოვანი მიღწევები რითიც ვამაყობთ.

ვამაყობთ ჩვენი გუნდის თითოეული წევრით. კრეატივი, მოტივაცია და განსხვავებული აზროვნება – ეს ის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევებია, რომელიც  კომპანიის თანამშრომლებს გვაერთიანებს. წარმოიდგინეთ, ჰოლდინგის 2000 თანამშრომელი სხვადასხვა მოსაზრებითა და მსოფლმხედველობით…

ამ მხრივ ყველა განსხვავებულები ვართ, მაგრამ ერთი მიზანი და ჩვენი  საქმის სიყვარული არის ის, რაც ერთ გუნდად გვაერთიანებს. ჩვენ გვჯერა თითოეული ადამიანის და იმის, რომ ერთიანი, შეკრული გუნდით ვაღწევთ განსაკუთრებულ შედეგებს. ჩვენი წარმატების გასაღები ჩვენი გუნდის წევრებშია.

ღირებულებები, რომლებიც გვაერთიანებს:

გუნდურობა

ჩვენ გვჯერა ადამიანების და იმის, რომ ერთიანი შეკრული გუნდით ვაღწევთ განსაკუთრებულ შედეგებს.

განათლება

ჩვენი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეგვაქვს საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლებასა და განათლებაში.

ინოვაციურობა

ვაზროვნებთ არაორდინალურად, რათა გამოვიწვიოთ ცვლილებები და შევქმნათ ახალი, უფრო ღირებული.

ლიდერობა

გამბედაობა ქმნის უკეთეს მომავალს, სწორედ ამიტომ, არ ვუშინდებით ახალს და შესაძლებლობებს რეალობად ვაქცევთ.

საქმის სიყვარული

გვიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ და გვჯერა, რომ სიყვარულის გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.

ბედნიერი მომხმარებელი

მომხმარებელი, ჩვენი სიცოცხლისუნარიანობაა, სწორედ ამიტომ, ვაფასებთ მას და ვცდილობთ ხანგრძლივი, მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ კანდიდატი აკმაყოფილებდეს იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც კონკრეტულ ვაკანსიას აქვს, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატი თანხვედრაში იყოს კომპანიის კორპორატიულ კულტურასთან.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმესრომელიც …

რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული კანდიდატის რეზიუმეს განვიხილავთ, თუმცა, ვფიქრობ, რეზიუმის წარმოდგენა excel-ის ან power point-ის ფორმატით არ არის სწორი.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატსთქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

ჩვენთან დასაქმებულ თანამშრომლებს ვთავაზობთ სტაბილურ, მრავალფეროვან, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, ბევრ საინტერესო პროექტს და ბენეფიტს.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …

სანამ კომპანიაში გასაუბრებაზე მიხვალთ, აუცილებლად გაეცანით ინფორმაციას კომპანიის შესახებ, გასაუბრებაზე იყავით თავდაჯერებული, დასვით კითხვები და ეცადეთ HR მენეჯერს დაანახოთ თქვენი მოტივაცია.