შემოგვიერთდით

,,კომპანიის წარმატება დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლებზე” – მიშა აბაიაძე მოორ ეიბისის დირექტორი

მოორ ეიბისი 2008 წლიდან ეწევა  საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების მომსახურებას, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საქმიანობის შესახებ ვესაუბრეთ მის დირექტორს მიშა აბაიაძეს.

HR hub: რას გვეტყვით ადამიანური კაპიტალის მართვის თქვენეულ მიდგომაზე, რაც გამოარჩევს კომპანიას, როგორც დამსაქმებელს და როგორ აისახება ამ მიდგომის ეფექტიანობა შედეგებზე?

„მოორ“-ში ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანებს, წარმოაჩინონ თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობები და ინდივიდუალურობა. ვაცნობიერებთ, რომ კომპანიის წარმატება დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლებზე და ვაფასებთ თითოეული მათგანის ძალისხმევას.

ჩვენი სამუშაო გარემო დაფუძნებულია გუნდურობაზე, თანამშრომლობაზე და ერთმანეთის მხარდაჭერაზე. ჩვენ გვსურს მივცეთ თანამშრომლებს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება. ამისთვის, ვცდილობთ ხშირად დავგეგმოთ არაფორმალური აქტივობები, რათა ახალმა თანამშრომლებმა მალე გაიარონ ადაპტაციის პერიოდი და შეძლონ  საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა გუნდური მუშაობის პროცესშიც.

გვჯერა, რომ პროფესიული განვითარების მუდმივი ხელშეწყობა კომპანიის მხიდან, ზრდის თანამშრომლების მოტივაციას დამოუკიდებლადაც გაეცნონ სიახლეებს თავიანთ სფეროში და იყვნენ მუდმივად არსებული ტენდენციების თანადროულები რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის შესრულებული სამუშაოს ხარისხს და აისახება კომპანიის დამკვეთების კმაყოფილებაზე.

HR hub: რა კარიერულ შესაძლებლობებს ქმნის კომპანია ახალგაზრდა ტალანტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას?

ადამიანებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს კარიერაში, ჩვენთან აქვთ უსაზღვრო შესაძლებლობები მიაღწიონ წარმატებას კარიერაში. სტაჟირების ეტაპიდანვე ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ „მოორ“-ის კომპანიის შიდა და საერთაშორისო გუნდის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ტიპის ტრენინგებით, პროფესიული ზრდის მუდმივი შესაძლებლობით და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობით.

კარიერის საწყისი ეტაპიდანვე ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ ახლო საქმიანი ურთიერთობების გამოცდილება დირექტორებთან და მენეჯერებთან და ჰქონდეთ უფრო მეტი პირდაპირი კონტაქტი კლიენტებთან მრავალფეროვან სამუშაო გარემოში.

ჩვენი კომპანიის კარი ღიაა ჩვენი სფეროთი დაინტერესებული ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია ჩვენი კლიენტებისათვის დამატებითი ღირებულების შეთავაზება. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვეძებთ  მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე და აქვთ სურვილი იყვნენ ჩვენი ზრდისა და წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ ასეთი თანამშრომლები ჩვენს გუნდში და შევუქმნათ ყველა პირობა განვითარებისთვის, მათი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად.

HR hub: რა შედეგებით დასრულდა HR hub – ის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფესტივალი „საყოველთაო გასაუბრება“ თქვენი კომპანიისთვის? რა იყო ფესტივალზე მოსული კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები?

„საყოველთაო გასაუბრება“ ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო. შევეცადეთ მაქსიმალურად ბევრი  კანდიდატისთვის მიგვეცა საშუალება. კომპანიის აუდიტის, აუთსორსინგის და შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შედეგად, წლევანდელმა დასაქმების ფორუმმა წარმატებულად ჩაიარა და რამდენიმე კანდიდატი ჩვენს კომპანიას შემოუერთდა.

როგორც უკვე ვახსენე, ჩვენი მიზანი ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა, შესაბამისად დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიებისთვის სამუშაო გამოცდილება ნამდვილად არ ყოფილა გადამწყვეტი. ჩვენი ინტერესის საგანი აქტიური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული კანდიდატები იყვნენ, რომელთაც ვაკანტური პოზიციის შესაბამისი, მინიმალური აუცილებელი თეორიული ცოდნა და განვითარების შინაგანად დიდი მოტივაცია გააჩნდათ.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

„მოორი“ როგორც კომპანია მუდმივად იზრდება და ვითარდება. ჩვენი მიზანია ვიყოთ ხარისხიანი მომსახურების მომწოდებელი საქართველოში. მომავალ თანამშრომლებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ ისინი იმუშავებენ მაღალი რეპუტაციის ბრენდის საერთაშორისო ქსელში, რომელიც დაეხმარებათ მათ კარიერული წარმატების მიღწევაში. ჩვენ გვჯერა უწყვეტი განათლების და მივისწრაფით ჩვენი თანამშრომლების უნარების განვითარებისათვის რათა ისინი გახდნენ პროფესიონალები.

გვჯერა, რომ ამ პროცესს დასასრული არ აქვს და ყოველთვის ვზრუნავთ როგორც ჩვენი მომსახურების სრულყოფაზე, ისე თანამშრომელთა კმაყოფილებაზე. კლიენტთა პორტფელის ზრდას შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გაზრდაც მოსდევს, შესაბამისად, ვცდილობთ მუდმივად ვიზრუნოთ ახალი ძალების დროულად მოზიდვაზე, რომ შევინარჩუნოთ დამკვეთების და თანამშრომლების კმაყოფილება. ეს არის ჩვენი სამომავლო გეგმაც და ძირითადი ორიენტირიც.