Feedc არის ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხალხს მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ გაგაცნობთ მის დამფუძნებელს ნიკოლოზ კვარაცხელიას. ის Skema Business School-ში გლობალ მენეჯმენტის განხრით სწავლობს. ამბობს, რომ ზუსტად სწავლის დროს გაუჩნდა Feedc-ის შექმნის იდეა და გადაწყვიტა აქტიურად დაეწყო ამაზე მუშაობა.
HR hub: ნიკოლოზ საიდან გაგიჩნდა Feedc-ის შექმნის იდეა?
პლატფორმის შექმნის იდეა დამებადა უცხოეთში ცხოვრების დროს, როდესაც საფრანგეთში სასწავლებლად ჩავედი. მივხვდი, რომ არ მქონდა წვდომა იქაურ ინფორმაციაზე. ჩემი სოციალური ქსელების ფიდები სავსე იყო უკვე არსებული მეგობრების პოსტებით, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ და შესაბამისად, საქართველოზე წერდნენ. მე კი მჭირდებოდა მცოდნოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა ჩემს გარშემო – საფრანგეთში.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი ტიპის სოციალური ქსელი და პლატფორმა, ძალიან რთულია გაიგო რა ხდება კონკრეტულად იქ, სადაც იმყოფები იმიტომ, რომ ყველა ამ პლატფორმის ფიდი დაფუძნებულია მეგობრებისა და გამომწერების პოსტებზე. შესაბამისად, იქმნება რაღაც წრე, რომელშიც მუდამ ვტრიალებთ და რომელიც მოგვყვება სადაც არ უნდა წავიდეთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს წრე გარკვეულწილად ზღუდავს ინფორმაციის მიმოსვლას და ქმნის სოციალურ ვაკუუმს.
ზუსტად ამ პრობლემაში დავინახე გამოსავალი, რომ შემექმნა ისეთი პლატფორმა, რომელიც ხალხს მიაწვდიდა რეალურ დროსა და ლოკაციაზე დაფუძნებულ ინფორმაციას – და ასე გაჩნდა Feedc-ი.
HR hub: ერთია იდეის მოფიქრება და მეორე განხორციელება. როგორ შეძელით თქვენი იდეისთვის ფრთების შესხმა?
როდესაც Feedc-ის შექმნის იდეა პირველად გამიჩნდა, ბევრს ვფიქრობდი რა ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო იმისთვის, რომ ხარისხიანი და საინტერესო პროდუქტი შემექმნა. საბედნიეროდ, ჩემმა უნივერსიტეტმა მომცა იმის საშუალება, რომ ხშირი და ახლო კონტაქტი მქონოდა პროფესორებთან ბიზნესის ყველა სფეროში. მათი რჩევებითა და დაკვალიანებით მომეცა საშუალება, აბსტრაქტული იდეა სრულყოფილ სტრატეგიად მექცია. როდესაც მივაღწიე იმ ეტაპს, რომ ჩემი გეგმით კმაყოფილი ვიყავი, დავიწყე გუნდის შეკრება, რათა იდეა სისრულეში მომეყვანა. მიზნად დავისახე შემეკრიბა მოტივირებული ინოვატორების გუნდი, რომლებსაც ამ იდეის ჩემსავით სწამდათ. მივიჩნევ, რომ სწორად შერჩეული ადამიანური რესურსი წარმატების გასაღებია.
HR hub: გუნდის შესახებ რას გვეტყვით, რამდენი ადამიანი მუშაობს დღეს Feedc-ის განვითარებაზე?
დღეს Feedc-ს უკვე 50-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი გუნდი შედგება უმაღლესი კვალიფიკაციების მქონე პროფესიონალებისგან, რომლებიც Feedc-ში მოსვლამდე მუშაობდნენ დიდ კორპორაციებში, როგორებიც არის Microsoft, Apple, TBC Bank და Bank of Georgia.
ჩვენი სათავო ოფისი დაფუძნებულია თბილისში, სადაც მუშაობს ჩვენი დიზაინის გუნდი და დეველოპმენტის გუნდის დიდი ნაწილი. გარდა ამისა, ოფისი გვაქვს უკრაინაშიც, საიდანაც ჩვენი თანამშრომლების მეორე ნაწილი მართავს ოპერაციებს.
HR hub: ვისთვის არის განკუთვნილი ეს სოციალური ქსელი?
პირველ რიგში Feedc არის ლოკაციაზე დაფუძნებული მედია პლატფორმა. მინდა ამას განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რადგან ბევრი სოციალურ ქსელად მიიჩნევს. განკუთვნილი კი არის ყველასთვის ვინც დაინტერესებულია რა ხდება იქ, სადაც იმყოფება. მაგალითად, მე თუ ვიმყოფები თბილისში და მაინტერესებს რა ხდება ჩემ გარშემო თუნდაც კონკრეტულ ქუჩაზე, Feedc-ი მაძლევს საშუალებას ყველაზე სწრაფად და მარტივად მოვიძიო საჭირო ინფორმაცია. ანალოგიურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, Feedc-ის მეშვეობით შემიძლია პასუხი გავცე კითხვას: „რა ხდება ჩემ გარშემო?“
HR hub: რა განაპირობებს პოსტის ნახვების რაოდენობას?
პოსტზე ნახვები თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია პოსტის ხარისხსა და შინაარსზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოსტი იყოს კონცეპტუალურად საინტერესო გარშემო მყოფი ხალხისთვის. პლატფორმის მთავარი არსი და მიზანი არის ის, რომ ხალხს მისცეს აზრის თანაბრად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა და არ იყოს გამომწერების რაოდენობაზე დაფუძნებული.
HR hub: რამდენად საინტერესოა ბიზნეს კომპანიებისთვის ფიდსის გამოყენება და ზოგადად, კორპორატიულ სეგმენტზე თუ მუშაობთ?
კორპორატიულ სეგმენტზე ცალკე გუნდის ჩამოყალიბება ახლა დავიწყეთ. ეს გუნდი მუშაობს ბიზნესებისთვის სხვადასხვა საინტერესო პროდუქტის შექმნაზე. სარეკლამო ბიზნესები მისცემს ხალხს საშუალებას Feedc-ზე განათავსონ სხვადასხვა ტიპის რეკლამა.
ყველაზე უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც Feedc-ი ბიზნესებს თავაზობს არის ლოკალური თარგეთინგი. თუ კონკრეტულ კომპანიას სურს რომ კონკრეტულ ადგილზე მცხოვრებ ხალხს ხმა მიაწვდინოს, Feedc-ი არის იდეალური პლატფორმა ამისთვის.
HR hub: მომავალში რა გეგმები გაქვთ?
ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა თანდათან იზრდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ და ზუსტად იმ ქვეყნების ბაზარზე ვაპირებთ გასვლას, საიდანაც ძალიან დიდი ინტერესია ჩვენი პროდუქტის მიმართ.
იმის გათვალისწინებით, რომ არანაირი რესურსი არ დაგვიხარჯავს სხვა ქვეყნებიდან მომხმარებლის მოზიდვაზე, ამის ფონზე ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ ამაში უფრო მეტი რესურსი ჩავდოთ და განვვითარდეთ ამ მიმართულებით. ეს არის ჩვენი მთავარი სამომავლო გეგმა.