- Off
კანდიდატებს ვეტყოდი „იაქტიურეთ, იყავით რაც მთავარია ბუნებრივები და გახსნილები!“ – თამარ სეთური
HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით, 6 მაისს, ვაკის პარკში, 14:00სთ-დან 17:00სთ–ის ჩათვლით გაიმართება კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი.
საგაზაფხულო კარიერის ფესტივალის გენერალური სპონსორია კომპანია Girteka. ჩვენ ვესაუბრეთ ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული კულტურის ხელმძღვანელს თამარ სეთურს.
მოგვიყევით Girteka რას საქმიანობს?
„გირტეკა“ არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიეტუვური ლოჯისტიკური კომპანია; ის გლობალურად 23 500 თანამშრომელზე მეტს ასაქმებს. გირტეკა ახორციელებს გადაზიდვებს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, და ასევე სკანდინავიის ქვეყნებში.
დიდი ხანია რაც საქართველოში შემოხვედით?
ადგილობრივი გირტეკა ბიზნეს სერვისების ოფისი (Girteka Business Services) გასულ წელს გაიხსნა. საქართველოში დღეს უკვე 65-მდე ადამიანია დასაქმებული და მიმდინარე წლის ბოლომდე დასაქმებულთა რაოდენობის გასამმაგება გვაქვს დაგეგმილი. გრძელვადიანი გეგმაა რომ საქართველო გახდეს მნიშვნელოვანი საოპერაციო სერვისების მიმწოდებელი გირტეკასთვის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ კომპანიის საქართველოში გახსნამდე რამდენიმე ქვეყანა განიხილებოდა. ბოლოს არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, განსაკუთრებით ადამიანური რესურსების, ადგილობრივ ბაზარზე არსებული კვალიფიკაცის, განათლებისა და კომპეტენციის დონის გამო; გარდა ამისა ბიზნესის ოპერირების ხარჯებიც, ბუნებრივია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
რა მიმართულებით გჭირდებათ თანამშრომლები?
ჩვენი ადგილობრივი თანამშრომლები უკვე წარმოადგენენ რამდენიმე დეპარტამენტს, მათ შორის არის აიტი, ფინანსები, ეიჩარი, გადაზიდვები, მომხმარებელთა მომსახურება და ტრანსპორტის ტექნიკური უზრუნველყოფა. მომდევნო თვეების განმავლობაში გავაგრძელებთ ამ გუნდების გაზრდას; დამატებით იგეგმება ახალი პოზიციების შექმნაც, შესაბამისად დაინტერესებულ კანდიდატებს ვურჩევ თვალი ადევნნონ ჩვენს ვაკანსიებს LinkedIn-ზე და დაგვიკავშირდნენ.
რატომ უნდა დაინტერესდნენ კანდიდატები თქვენი კომპანიით?
პირველ რიგში, დავიწყოთ იმით რომ კომპანია იზრდება, ეს კი ნიშნავს სტაბილურობას, მზარდ კარიერას, საინტერესო პროექტებს, რომლებიც აძლევენ თანამშრომლებს შესაძლებლობას რომ განვითარდნენ. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ წარმოვადგენთ საერთაშორისო კომპანიას, ვართ მისი ნაწილი და ადგილობრივად საქართველოში ვნერგავთ დასავლურ სტანდარტებს. აქ კი ვგულისხმობ კარგ სამუშაო გარემოს, ბენეფიტებს, ლიდერშიფის მიდგომებს, გახსნილ კომუნიკაციას და მეგობრულ ორგანიზაციულ კულტურას. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ უკვე დავნერგეთ საქართველოს ოფისში ამ კუთხით; აქვე დავამატებ რომ ეს არ არის „მხოლოდ სიტყვები“!
და ბოლოს- თანამედროვე, მუდმივად ცვალებადი და მაღალი კონკურენციის ბიზნეს გარემო ითხოვს მუდმივ განვითარებას, გაციფრულებას, პროცესების დახვეწას, ოპტიმიზაციას და იყო ამ ყველაფრის მონაწილე საქართველოში, შენს საერთაშორისო გუნდის წევრებთან ერთად, გააზიარო გამოცდილებები, ვფიქრობ ძალიან საინტერესოა.
რა უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც თქვენთან მოვა კარიერის ფესტივალზე გასაუბრებაზე?
ზედმეტი ფორმალობების გარეშე, კანდიდატებს ვეტყოდი „იაქტიურეთ, იყავით რაც მთავარია ბუნებრივები და გახსნილები!“ გასაუბრება ეს არის ორმხრივი კომუნიკაციის შესაძლებლობა, რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და ჩვენც ამ განწყობით დავხვდებით ყველას.