შემოგვიერთდით

ელენე ლაცოშვილი მუშაობს სამედიცინო აპლიკაციაზე, რომელიც სიმსივნეზე დაკვირვებისთვის გამოიყენება.

ელენე ლაცოშვილი – software არქიტექტორია. მას 11 წლიანი გამოცდილება აქვს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში სხვადასხვა მიმართულებით. ის დაინტერესებულია ვირტუალური სისტემების შექმნის, დანერგვისა და ტესტირების პროცესების ავტომატიზაციით;

HR hub: ელენე როდის დაინტერესდი ტექნოლოგიებით?

დაახლოებით სკოლის პერიოდში დავინტერესდი, რადგან მამა პროგრამისტია და კომპიუტერიც ხელმისაწვდომი იყო. საიტების და ანიმაციების შექმნა მომწონდა. შემდეგ საოლიმპიადო პროგრამირებაზე დავესწარი რამდენიმე გაკვეთილს, დედამ იპოვა ერთ-ერთ სკოლაში. ძირითადად უნივერსიტეტის პერიოდში ჩამოვყალიბდი.

HR hub: მოგვიყევი შენი სამუშაო გამოცდილების შესახებ?

ხშირად მიწევდა პროექტების საჭიროებებთან ადაპტირება. არ ვიყავი წინააღმდეგი, რადგან სხვადასხვა ენის და პარადიგმის გამოცდა საინტერესოა. ამან სამუშაოს მრავალფეროვნება შესძინა. იყო მობილურის აპლიკაციები, .Net სამყარო, ჯავა და Swift, PHP და ჯავასკრიპტი, ბაზის ადმინისტრირება და სისტემების დიზაინი, სერვერების კონფიგურაცია და ტესტირების ავტომატიზაცია, ვებ სერვისები და სიმულაციები.

ერთ-ერთი დიდი პროექტი, სადაც საყვარელ ტექნოლოგიებზე ვმუშაობდი ძალიან კარგ გუნდთან ერთად, საქართველოს ბანკის ExpressPay ტერმინალები იყო. დიდი გამოცდილება დატოვა მოხალისეობრივმა პროექტებმაც, რასაც მეგობრებთან ერთად ვაკეთებდი, მაგალითად, პროგრამირების ჩემპიონატები და DevOps შეკრებები.

ამჟამად ვმუშაობ სამედიცინო აპლიკაციაზე, რომელიც სიმსივნეზე დაკვირვებისთვის გამოიყენება.

HR hub: როგორ ფიქრობ საქართველოში დაახლოებით რამდენი პროგრამისტი გოგონა იქნება?

ამ რიცხვის თქმა მიახლოებითაც გამიჭირდება. მახსოვს, 2006 წელს კურსზე 300 სტუდენტიდან ნახევარი გოგო იყო. ბევრი მათგანი დღემდე ამ სფეროშია. ყოველ წელს მეტი ადამიანი ირჩევს პროგრამირებას და ეს ძალიან მახარებს. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოსახერხებელი პროფესიაა, განსაკუთრებით გოგონებისთვის.

HR hub: იმისთვის, რომ კარგი პროგრამისტი იყო რა არის საჭირო?
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია საბაზისო ცოდნა, თუ რა ხდება ფარდის უკან. თუნდაც რა მოსდის ჩვენს დაწერილ კოდს და რატომ არის კონკრეტული ენა ისეთი, როგორიც არის; როგორ შეიძლება ჩვენით შევქმნათ ოპერაციული სისტემა, კომპილატორი ან სხვადასხვა ბიბლიოთეკა. ეს საშუალებას გვაძლევს ადვილად გავუგოთ სხვა ტექნოლოგიებს და ფეხი ავუწყოთ სწრაფ ცვლილებებს.

ასევე, სხვისთვის სწავლება ერთ-ერთი კარგი მეთოდია საკუთარი ცოდნის გაფართოებისთვის.

HR hub: მოგვიყევი შენი გეგმების შესახებ.

ახლა საინტერესო გეგმები არ მაქვს, სამწუხაროდ. გამოწვევის წინაშე ვდგავარ, რომ პატარასთან დროის გატარება და პროგრამირება ერთმანეთს შევუთავსო. როგორც კი დამინახავს, მეუბნება არ ვუყურო კომპიუტერს.

ამ სფეროში ცოდნის გაზიარების კარგი კულტურა გვაქვს, ჩემი აზრით. ქართველი პროგრამისტების მოსმენა მეხმარება და მოტივაციას მაძლევს ხოლმე, რომ არ ჩამოვრჩე. ყოველ წელს იგეგმება არაერთი ტექნოლოგიური შეკრება, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართება

30 იანვარს, 19:00სთ-ზე, ტერმინალში, საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართება. HR hub – ის ეს ღონისძიება IT რეკრუტინგსა და HR ტექნოლოგიებს დაეთმობა.
Continue reading “საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართება”