შემოგვიერთდით

“ევროპაბეთში მუშაობა ნიშნავს უწყვეტ განვითარებას, გამოწვევებსა და საინტერესო თავგადასავალს” – თამარა ქლიბაძე

HRhub.ge – მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური ონლაინ HR ჟურნალი აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. ამჯერად ვესაუბრეთ თამარა ქლიბაძეს, ევროპაბეთის HR დირექტორს, რომლის სამუშაო გამოცდილება ამ კომპანიაში უკვე 10 წელს ითვლის.

HR hub: როგორ დაიწყო თქვენი კარიერა ევროპაბეთში?

ეს იყო 10 წლის წინ.

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, დღემდე ყველა დეტალი მახსოვს, რადგან ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯი.

მაშინდელ მიმდინარე სამსახურსა და ჩემს ხედვებს/ღირებულებებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავება იყო და გადაწყვეტილი მქონდა სამსახურის ძიება, როცა შემოთავაზება მივიღე, უფრო სწორედ კითხვა, ვიმუშავებდი თუ არა გემბლინგ ინდუსტრიაში.

სიმართლე გითხრათ, მაშინ ამ ინდუსტრიის შესახებ არც მე და ზოგადად საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცოდა, თუმცა გარკვეული შაბლონები/სტერეოტიპები არსებობდა, რომ მაინცდამაინც სასურველი ინდუსტრია დასაქმებისთვის არ უნდა ყოფილიყო.

პირადად მე ყოველთვის ვცდილობ მსგავსი სტერეოტიპული ხედვებისგან ვიყო თავისუფალი, ამიტომ ეგ ჩემთვის ბარიერი არ გამხდარა და ინტერესით შევხვდი კომპანიის მაშინდელ დამფუძნებელს. ყველაზე დიდი ინტერესი და მოტივაცია ჩემთვის, რის გამოც ამ კომპანიაში მუშაობას დავთანხმდი და ვფიქრობ თავადაც რის გამოც ამირჩიეს იყო ორმხრივი სრული გახსნილობა მიზნებსა და მოლოდინებში.

10 წლის წინ, საქართველოში ბევრ კომპანიას ვერ ნახავდით, რომელსაც დამსაქმებლის ბრენდი აინტერესებდა ან კომპანიის კორპორატიული კულტურის განვითარება პრიორიტეტი იყო. ამან ძალიან მამოტივირა და ამანთო, რომ აქ შეიძლებოდა რაღაც ძალიან კარგი გამეკეთებინა.

ზოგადად ვარ ამბიციური ადამიანი და ყოველთვის მივისწრაფვი მაღალი მიღწევებისკენ და ზუსტად ის გამოწვევა, რომ უცნობი და საკმაოდ სტერეოტიპულად აღქმულ ინდუსტრიაში არსებული კომპანია კარგ/მიმზიდველ დამსაქმებლად უნდა მექცია, ძალიან საინტერესო მისიად მესახებოდა.

მუშაობის დაწყებიდანვე საქმეს ძალიან მიადვილებდა დამფუძნებლის ნდობა, რომელიც როგორც უკვე დასაწყისშივე აღვნიშნე, გასაუბრებიდანვე შედგა ჩვენს შორის. ჩემს ცხოვრებაში ეს პირველი დასაქმების ინტერვიუ იყო სადაც აქტიურ სამუშაოს ძებნაში არ ვიყავი და დიდად არ ვიღელვებდი თუ არ შემარჩევდნენ, ამიტომ სრულიად გახსნილად ვუთხარი რა განსავითარებელ მხარეებს ვხედავდი უკვე მათ ლიდერულ თუ HR-ულ მიდგომებში და ამან ჩვენი შემდგომი, წელიწადნახევრიანი თანამშრომლობა ძალიან გააადვილა და შესაძლებელი გახადა ის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები რაც დასაქმების დღიდანვე დავიწყე.

HR hub: რას ნიშნავს მუშაობდე 10 წელი ამ კომპანიაში?

ზოგადად ევროპაბეთში მუშაობა ნიშნავს უწყვეტ განვითარებას, გამოწვევებს, სასარგებლო გაკვეთილებს და ძალიან საინტერესო და პოზიტიურ თავგადასავალს.

მეც, როგორც ადამიანების უმრავლესობა, ვფიქრობდი, რომ 10 წელი ერთ კომპანიაში დარჩენა ნიშნავს პენსიაზე ყოფნას, განვითარებაზე უარის თქმას და აუცილებელია 2 წელიწადში იცვალო სამსახური, რათა პროფესიულად გაიზარდო. აქ მუშაობამ მაჩვენა, რომ ეს ძალიან მცდარი წარმოდგენაა და დამოკიდებულია ორგანიზაციაზე სადაც მუშაობ. ვთვლი, რომ ამ 10 წლის მანძილზე 5 სხვა კომპანიაში დასაქმება ისე ვერ გამზრდიდა, როგორც 10 წელი აქ მუშაობამ გამზარდა, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად.

ხანგრძლივად ერთ კომპანიაში მუშაობას თავისი გამოწვევები და ბენეფიტები აქვს. გამოწვევებიდან გამოვყოფ იმ მთავარ დილემას, რომ თუ თავად არ იზრდები უფრო სწრაფად, ვიდრე კომპანია იზრდება, შეიძლება დამსაქმებლისთვის გახდე უინტერესო და ვეღარ შესთავაზო ვერაფერი ახალი. განსაკუთრებით, როცა ლიდერულ პოზიციაზე მუშაობ. უპირატესობას რაც შეეხება, ზუსტად იმის გამო, რომ ბევრი წელი მუშაობ ერთ ორგანიზაციაში, იცი ისტორია და გაქვს გამოცდილება, წარსულიდან მიღებულ გაკვეთილებს საუკეთესო კუთხით იყენებ. ყველამ ვიცით, რომ ერთ ადგილას მიღებულ გამოცდილებას პირდაპირ ვერ გადააკოპირებ სხვაგან და ამ გამოცდილებისგან მხოლოდ ნაწილი შეიძლება გამოგადგეს, რათა მოახდინო ცვლილება. ერთი ორგანიზაციის შიგნით მიღებული გამოცდილებები კი ყოველთვის გამოსადეგია და გეხმარება ცვლილებების მართვაში, რომელთა გარეშეც განვითარება წარმოუდგენელია.

HR hub: მოგვიყევით, თქვენს მიერ განხორციელებულ ყველაზე გამორჩეულ პროექტებზე ევროპაბეთში

გამიჭირდება უშუალოდ ჩემი განხორციელებული დავარქვა იმ წარმატებულ ნაბიჯებს, რომელიც ევროპაბეთმა ამ ათი წლის მანძილზე მოიპოვა. არა თავმდაბლობის გამო, არამედ, რეალურად ერთი ადამიანის მიერ ვერასოდეს ვერაფერი ვერ მიიღწევა და ყოველთვის გუნდი და ერთობლივად მუშაობაა საჭირო. ამიტომ უფრო სწორი იქნება ასე ვაფორმულირო, ამ ათი წლის განმავლობაში, ევროპაბეთის HR გუნდმა, კომპანიის მმართველ გუნდთან და უკლებლივ ყველა დასაქმებულთან ერთად შეძლო:

  • ევროპაბეთი გამხდარიყო ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველი დამსაქმებელი ლოკალურ ბაზარზე, რომლის შედეგადაც წელს ვართ Top Employer-ის სტატუსის მფლობელი, მსოფლიო ტექ ინდუსტრიის ჭრილში;
  • შეცვალა სტერეოტიპული წარმოდგენა ინდუსტრიაზე და აჩვენა იგი სხვა კუთხით დასაქმების მაძიებლებლებს;
  • შეცვალა კომპანიების წარმოდგენა დამსაქმებლის ბრენდირებაზე და განავითარა ეს მიმართულება მეტად ტალანტების და პიროვნებების ჭრილში ვიდრე ბიზნესისა და ორგანიზაციის;
  • აქცია ცვლილება განვითარების ხელსაწყოდ და იქცა მაგალითად იმის, რომ ზრდა და განვითარება შესაძლებელია ყველანაირ გარემოებაში.
  • პირადად ჩემი მიღწევა საკუთარი თავის განვითარება, პიროვნული და პროფესიული ზრდაა, რადგან ესეც შეგვიძლია ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად დავასახელოთ.

HR hub: უნარები, რომლებიც ძალიან დაგეხმარათ HR სფეროში წარმატების მისაღწევად

მოქნილობა და დაუსრულებელი სურვილი განვითარების, ჩემი აზრით არის ყველა პროფესიაში წარმატების ყველაზე მთავარი გასაღები. სიხისტე და ცვლილებების მიუღებლობა, ჩემი აზრით ძალიან დაკავშირებულია შიშებთან, პირველ რიგში მარცხის შიშთან. ამიტო, თუ ხარ მოქნილი, აუცილებლად ხარ გაბედულიც. ბოლო ათწლეულებში, სამყაროს რითმმა და განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ სტატიკური მდგომარეობა არ არსებობს, გადაწყვეტილებები მოქმედებს მხოლოდ მოკლე ვადიანად და ცვლილება აუცილებლად დადგება იმის მიუხედავად გვინდა ეს თუ არა და ვართ ამისთვის მზად თუ არა. ამიტომ, ვემუშავოთ საკუთარ თავს ცვლილებების მიმღებლობაზე და ცვლილებებში ზრდის პოტენციალის დანახვაზე არის ის, რითაც უნდა დავიწყოთ.

სპეციფიურად ტალანტებთან დაკავშირებული საკითხების მართვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ვფიქრობ გახსნილობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომლის გარეშეც ეფექტური კომუნიკაცია უბრალოდ არ არსებობს.

და ბოლოს, ლიდერისთვის ვიტყოდი საკუთარი ეგოს მართვის უნარს, მუდმივ თვითდაკვირვებას და ანალიზს, რომელიც გეხმარება იმაში, რომ ლიდერობა ემსახუროს მიზანს და არა მიზანი ლიდერობას.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

სწავლა და მეტი განვითარება, რაც მეტად იზრდება და ვითარდება კომპანია, ადგილობრივი ბაზარი, ჩემი გუნდი, ჩემი კოლეგები ლოკალური თუ გლობალური, მით მეტია გამოწვევა ჩემთვის, ვიყო პროფესიულ “ფორმაში” და არ ვწყვეტდე განვითარებას. უახლოესი 2 წლის მიზნად მაქვს CIPD საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და მერე ვინ იცის, დრო და მომავალი გვაჩვენებს.

უშუალოდ კომპანიის და გუნდის ნაწილში, ცხადია წელსაც და ყოველვის, მთავარ მიზნად რჩება შევინარჩუნოთ და კიდევ მეტად გავაძლიეროთ კორპორატიული კულტურა, გავხდეთ კიდევ მეტად ეფექტურები, რადგან ყოველთვის არსებობს სივრცე  „from good to great and from great to excellent!”

HR hub Next-ის წევრი მეკო ხაბურძანია ,,ევროპაბეთის” HR გუნდის წევრი გახდა

მეკო ხაბურძანია HR hub Next-ის მესამე ნაკადის წევრია. ნექსთი დაეხმარა მას საბოლოოდ დარწმუნებულიყო უნდოდა თუ არა HR-ში მუშაობა. Continue reading “HR hub Next-ის წევრი მეკო ხაბურძანია ,,ევროპაბეთის” HR გუნდის წევრი გახდა”

,,ჩვენ ვმუშაობთ სიამოვნებისთვის და ეს ემოცია გადამდებია”- თამარა ქლიბაძე

,,ლინკდინმა შემახსენა, რომ 5 წელი გახდა, რაც ერთ კომპანიაში ვმუშაობ. 5 წელი კი, ჩემი აზრით, საკმაოდ დიდი დროა ერთ ადგილას გასატარებლად. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენ ხანში შეიძლება ამოწუროთ თავი ერთ სამუშაო ადგილას?

პირველად ამ თემაზე მაშინ ვიფიქრე, როცა 5 წლის თავზე, პირველი სამსახურიდან წამოვედი და საქმიანობის სფერო რადიკალურად შევიცვალე. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციაში ფსიქოლოგად ვმუშაობდი და ორგანიზაციის ბენეფიციარებსა და კურატორებს კონსულტაციებს ვუწევდი. თავისუფალი სამუშაო გრაფიკი და საათობრივი ანაზღაურება მქონდა. თავად ვგეგმავდი, როდის რამდენი მემუშავა და თავისუფალი დრო ჰობისა და სხვა ინტერესებისთვის როგორ დამეთმო. ერთი შეხედვით იდეალური სამსახური ჩანს დამწყები პროფესიონალისთვის, არა? თუმცა, სწორედ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ გავაანალიზე, რომ იქ 5 წლის გატარება შეცდომა იყო. მივხვდი, რომ გამოცდილება მაკლდა და სხვადასხვა ინდუსტრიებს, დიდი კორპორაციების კულტურას და მათ შესაძლებლობებს არ ვიცნობდი.

ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ბიზნეს სფეროში აღმოვჩნდი. მუშაობა მცირე ზომის საკონსულტაციო კომპანიაში დავიწყე, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებს HR სერვისს უწევდა. აქ ბევრი რამ ვისწავლე და დიდი თუ პატარა კომპანიების კორპორატიულ კულტურასაც მეტ-ნაკლებად გავეცანი. ვხედავდი, რომ ვიზრდებოდი და საჭირო გამოცდილებას ვიღებდი, თუმცა ინტერესიც მატულობდა და გარედან, კონსულტანტის თვალით, დანახული კორპორატიული გარემო და კულტურა აღარ მაკმაყოფილებდა.

პირველი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ 3 კომპანიაში ვიმუშავე. სამივეგან მხოლოდ 2-2 წელი გავატარე.

რატომ მაინცდამაინც ორი წელი?

  • პირველი წელი კომპანიის გაცნობას, საჭიროებების ანალიზსა და დაგეგმარებას სჭირდება.
  • მეორე – სასურველი პროდუქტის შექმნას.

შემდეგ, დგება დრო, როცა ეს ყველაფერი ერთგვარ რუტინაში გადადის და ახალ სამსახურზე ფიქრს ვიწყებ. ისეთ სამსახურზე, სადაც მეტად გავიზრდები და ჩემი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებას შევძლებ.

2 წელი თითქოს ერთგვარ შაბლონად მექცა. ერთ ადგილას უფრო დიდხანს გაჩერება წარმოუდგენლად მეჩვენება და ამიტომაც, ახალ დამსაქმებელს მხოლოდ 2 წლის თანამშრომლობის გარანტიას ვაძლევ.

ევროპაბეთში გადმოსვლის შემდეგ, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ყოველთვის აქ ვმუშაობდი და სხვა სამსახური არც არასდროს მქონია. ინდუსტრიის საოცრად მაღალ ტემპს სიამოვნებით ავყევი და აქ გატარებულ წლებზე მხოლოდ მაშინ დავფიქრდი, როდესაც ევროპაბეთში მუშაობის უკვე მეოთხე წელი მიიწურა. მერე 2 წლიანი შაბლონი გამახსენდა და დავფიქრდი, იქნებ ისევ შეცდომა იყო ერთ ადგილას ამდენ ხანს გაჩერება? რატომ არ მიჩნდებოდა სიახლის ძიების სურვილი?

HR სფეროში თანამშრომელთა გადინება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ხშირად ისმის კითხვა, საშუალოდ რამდენი წელი უნდა გაატაროს დასაქმებულმა ერთ კომპანიაში? ჩემი პირადი გამოცდილებიდან და პროფესიული დაკვირვებიდან გამომდინარე, ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია ჩამომიყალიბდა:

  • ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ეძებს, რის მიღწევას ცდილობს და რა გეგმები აქვს ადამიანს პროფესიული განვითარების გზაზე;
  • მნიშვნელოვანია ისიც, პროფესიული განვითარების რომელ ეტაპზე იმყოფება, იქნება ეს დამწყების, სპეციალისტის თუ ექსპერტის;
  • მთავარი კი, ალბათ, მაინც ის არის, თუ რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა მიზანთან მიმართებაში – რამდენად კარგად შეარჩია კომპანია და გაამართლა თუ არა ორგანიზაციამ დასაქმებულის მოლოდინები.

ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, დაგეგმვაში, არჩევასა და შეფასებაშიც კი. ეს ყველაფერი სრულიად ნორმალური და ბუნებრივია. ყველაზე მთავარი შეცდომის დროული იდენტიფიცირება და სწორი გადაწყვეტილების მიღებაა. ჩემი აზრით, კარიერის დამწყებ საფეხურზე მყოფთათვის ერთ ადგილას 2 წელზე მეტ ხანს გაჩერებას კარგად დაფიქრება და სხვა შესაძლებლობების გაანალიზება სჯობს. გამოცდილება ყველაზე ღირებული რამ არის. სხვისი მაგალითი და გამოცდილება არ გამოგადგება. იმისთვის, რომ მიხვდე, რომელი ინდუსტრიაა საინტერესო, როგორი კორპორატიული კულტურა გიზიდავს, შესაბამისი გამოცდილება უნდა გქონდეს. ეს მხოლოდ შენს ინფორმირებულობაზე არ მოქმედებს. გამოცდილების შეძენა ხედვის ჩამოყალიბებასა და პროფესიული და კორპორატიული კულტურის აღმოჩენაში გეხმარება.

მას შემდეგ, რაც საჭირო გამოცდილებას შეიძენ, სამუშაო ადგილზე თავის რეალიზებას შეძლებ, განვითარებას არ შეწყვეტ და ყოველი დღე თავისუფლებისა და ბალანსის მომტანი იქნება, მაშინ ერთ სამუშაო ადგილას გატარებული წლები კალენდარზე გამოსახულ პირობით ციფრებად იქცევა. მერე ყოველ ორშაბათს სამსახურში მისვლა სასიხარულო იქნება და პარასკევს მეგობრების პოსტები #finallyitsFriday ღიმილს მოგიტანს. ასეთ დროს კი წლები მხოლოდ სიამოვნების განცდას გიტოვებს. კომპანიასთან ერთად განვლილი გზითა და მიღწევებით ამაყობ. იცი, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი და თავგადასავალია, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაგზრდის. ამიტომაც, 5 წლის შემდეგ, თავს ისევ დამწყებად გრძნობ, რომელმაც ეს-ესაა შემოაბიჯა კომპანიაში და ანთებული თვალებით ისრუტავს ყველა სიახლეს.

ევროპაბეთი ჩემთვის ზუსტად ის სამუშაო ადგილია, სადაც ის ყველაფერი ვიპოვე, რაც ჩემთვის იდეალურ დამსაქმებელს უნდა ჰქონდეს. წლების მანძილზე ერთობლივი მუშაობით, ჩვენ შევძელით ისეთი სამუშაო კულტურის შექმნა, სადაც კომპანიის წარმატებაში ყველა მონაწილეობს, ყველა ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და ერთმანეთის წარმატება ისევე გვახარებს, როგორც საკუთარი. ალბათ, სწორედ ესაა ის ძირითადი საიდუმლო, რის გამოც ბოლო რამდენიმე წელია კომპანიაში თანამშრომელთა გადინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია – 10%-ს არ სცდება.” – „ევროპაბეთის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ქლიბაძე