შემოგვიერთდით

დამსაქმებლის ბრენდინგის 5 დიდებული მაგალითი

კომპანიის იმიჯზე ზრუნვა, დამსაქმებლის ბრენდინგი ე.წ. Employer Branding ყველა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.

მაინც როგორ უნდა შევქმნათ დამსაქმებლის ბრენდი? როგორ დავაინტერესოთ ტალანტები, რომლებიც ჩვენი კომპანიის წარმატებას განაპირობებენ. ინსპირაციისთვის, გავეცნოთ 5 დიდი ბრენდის ისტორიას, რომლებმაც ეს იდეა სრულიად ახალ დონეზე აიყვანეს.

L’Oreal

კოსმეტიკური გიგანტი L’oreal მუდმივად იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელი, მაგრამ ბოლო წლებში ბაზრის სწრაფმა ზრდამ ყველა ახალი მიმართულებით ტოპ ტალანტის მოძიება ლ’ორეალს მნიშვნელოვნად გაურთულა და შედეგად, კომპანია საკუთარი რეკრუტმენტის სტრატეგიების სისწორეზე დააფიქრა.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ L’oreal-ს დამსაქმებლის ბრენდინგის კუთხით ძალიან ნათელი მესიჯები აქვს. მათი  ყოველი ქმედება კომპანიას წარმოაჩენს, როგორც:

  • ამაღელვებელი გამოცდილება
  • შთამაგონებელი გარემო
  • უნაკლოობისკენ  სწრაფვის სკოლა

Google

გუგლი ყოველთვის ყველაზე სასურველი დამსაქმებლების სიის სათავეში იმყოფება (თუ საერთოდ პირველ ადგილზე არა), მაგრამ როგორ ინარჩუნებენ ისინი დამსაქმებლის ასეთ ძლიერ ბრენდს? ზუსტად ისე, როგორც თავად კომპანია ფუნქციონირებს: ინოვაციებით

gDNA პროექტის ფარგლებში, Google-მა მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯა იმის გასარკვევად, თუ რამდენად დაცულია მათი თანამშრომლების ე.წ. Work-Life ბალანსი, რაც მილენიალებისთვის მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. აღნიშნულმა კვლევამ მენეჯმენტს საშუალება მისცა დახმარებოდნენ თანამშრომლებს სამუშაოსა და ცხოვრების ჰარმონიულად შეთანხმებაში. მეორე მხრივ კი, კვლევის რეზულტატების საჯაროდ გამოქვეყნებით, კომპანიამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მათი მთავარი საზრუნავი თანამშრომლების კეთილდღეობა და კმაყოფილებაა.

Starbucks

როგორც gDNA-ს შემთხვევაში ვნახეთ, საუკეთესო ბრენდინგ საკომუნიკაციო სტრატეგიებში არსებული თანამშრომლების ჩართვა სწორი გადაწყვეტილებაა. მაგალითად, Starbucks ამას შედარებით უფრო პირდაპირ, სოციალური მედიის დახმარებით აკეთებს. #sbuxjobschat ჰეშთეგის გამოყენებით, ადამიანებს ტვიტერსა და ინსტაგრამზე შეუძლიათ პირდაპირ გაესაუბრონ სტარბაქსის არსებულ თანამშრომლებს, მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და მიიღონ კომპანიის, როგორც დამქირავებლის რეალური სურათი. თანამშრომლების აქტიურად ჩართვითა და პოტენციური თანამშრომლების მაქსიმალურად დაინტერესებით, სტარბაქსი ნათლად გვიჩვენებს მის დამოკიდებულებას თანამშრომლების შერჩევის მიმართ, რითაც მის, დამქირავებლის ბრენდს კიდევ უფრო აძლიერებს.

Salesforce

2015 წელს, საერთაშორისო ჟურნალმა Fortune, Salesforce ტოპ 10 საუკეთესო დამქირავებელს შორის დაასახელა. აღნიშნულ რანჟირებაში დიდი წვლილი კომპანიის ბრენდის იმიჯს მიუძღვის. Salesforce-მა საკუთარი დამქირავებლის ბრენდის განვითარება მთლიანად მიანდო თავის თანამშრომლებს, ეს კი ძალიან ძლიერი და ყოვლისმომცველი რეფერალური პროგრამის წყალობით მოახერხა. წარმოუდგენელი სამსახურეობრივი ბენეფიტები, როგორიცაა პირველი კლასის თვითმფრინავის ბილეთი, 5000$ სახარჯო ფული და სხვა, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სტაჟიორების 60%-ს კომპანიაში დარჩენის სურვილი გამოეთქვა. ისეთი  გარემოს შექმნით, სადაც შერჩევის პროცესს დიდწილად არსებული თანამშრომლები აპიარებენ და განაგებენ კიდეც, კომპანიამ შეძლო ძალიან ჯანსაღი და მიმზიდველი კომუნიკაციის დამყარება პოტენციურ და არსებულ თანამშრომლებს შორის.

Acuity Insurance

2015 წელს, ვისკონსინში დაარსებულმა კომპანიამ ზემო აღნიშნული ჟურნალ Fortune-ის ტოპ ათი დამსაქმებლის სიაში მესამე ადგილი დაიკავა. დიდწილად ეს განაპირობა მათმა შთამაგონებელმა ბრენდ იმიჯმა თანამშრომლებისა და შერჩევის პროცესის მიმართ. Acuity თანამშრომლებს წარმოუდგენელ სამსახურეობრივ ბენეფიტებს სთავაზობს: განათლების დასაფინანსებელი ულიმიტო ფონდები, კომპენსირებული სამუშაო კვირები და ასევე მნიშვნელოვანი სამედიცინო პაკეტები.

 ალბათ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ხელმძღვანელობა თანამშრომლებს ნებას რთავს თავიანთი სიტყვა თქვან კომპანიის მომავლის, გეგმებისა და სტრატეგიების განვითარების კუთხით, რაც ხორციელდება კიდეც ფართომასშტაბიან შეხვედრებსა და სხვადასხვა აქციების შედეგად, როგორიცაა, მაგალითად, თანამშრომელთა სახელზე ქველმოქმედების გაწევა და სხვა.

დამსაქმებლის ბრენდინგი თანამშრომლების შერჩევის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს. ეს 5 ბრენდი კი ამას იდეალურად ახორციელებს.

სტატიის ავტორი:  რატი წიკლაური

წყარო: http://www.thegarnergrp.com/blog/5-great-employer-branding-examples