შემოგვიერთდით

როგორი იქნება კომერციული ატაშეების სამუშაოს აღწერილობა ?

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შერჩეული კანდიდატები შესაბამისი გადამზადების შემდეგ მუშაობას გააგრძელებენ შემდეგ ქვეყნებში:

  • აშშ,
  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა,
  • თურქეთის რესპუბლიკა,
  • დიდი ბრიტანეთი,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები,
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

კომერციული ატაშეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, დაინიშნებიან უფროს დიპლომატიურ თანამდებობაზე.

ატაშეს როტაციის ვადა 3 წელია.

“კომერციული ატაშეების საქმიანობა ხელს შეუწყობს საგარეო ვაჭრობის საკითხებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ექსპორტის ხელშეწყობაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, საერთაშორისო ტურისტების მოზიდვასა და საერთაშორისო ბიზნეს-ტენდენციების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გაცნობასა და საქართველოში დანერგვაზე. კომერციული ატაშე ხელს შეუწყობს ქართველი ექსპორტიორების და მათ მიერ ნაწარმოები პროდუქციის შეღწევას მიზნობრივ ბაზრებზე და კონტრაქტების მოპოვებას. კომერციული ატაშე ასევე პასუხისმგებელი იქნება შესაბამის ქვეყანაში პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული შესაძლებლობების გაცნობაზე და ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. შერჩევის პროცესი 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: განაცხადების გადარჩევა, სხვადასხვა ეტაპზე რამდენიმე ფორმით შეფასება (წერითი დავალება, პრეზენტაცია, ენის ცოდნის დადგენა, გასაუბრება და ა.შ.) და სავალდებულო სწავლება. კანდიდატს მოეთხოვება არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სტრუქტურაში საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.კონკრეტული ქვეყნების მიხედვით დადგენილია ასევე უცხო ენების ცოდნის ვალდებულებაც”, – აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ცნობით, საკონკურსო განცხადების მიღება დრეს დაიწყო და 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
განაცხადის შეტანის მსურველებმა განაცხადი დასაქმების სახელმწიფო პორტალის HR.GOV.GE საშუალებით უნდა გააგზავნონ.

ეკა ბერიძე: ,,პასუხისმგებლობის აღების უნარი, ეს არის ყველაზე მთავარი, დანარჩენი ისწავლება.”

ეკა ბერიძე 1999 წლიდან აქტიური ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავი 2-ზე, საზ. მაუწყებელზე, მეცხრე არხზე და სხვა ქართულ ტელევიზიებში. იყო გადაცემების ავტორი, წამყვანი და პროდიუსერი. აქტიური ჟურნალისტიკიდან მენეჯმენტში გადაინაცვლა და 2013 წლიდან დღემდე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ – კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორია.

ჩვენ ეკას ვესაუბრეთ მის ამჟმინდელ და ყოფილ საქმიანობაზე. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: ეკა თქვენ პროფესიით ფილოლოგი ხართ. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მთავარი პროფესია მაინც ჟურნალისტობაა. დაახლოებით 21 წლის განმავლობაში იმუშავეთ სხვადასხვა ტელევიზიაში და საკმაოდ წარმატებულიც იყავით. რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობისთვის თავი დაგენებებინათ ?

ბოლოს, როგორც ტელეწამყვანი, ტელეკომპანია მე-9 არხზე ვმუშაობდი. როდესაც ეს არხი დაიხურა, მქონდა ორი შეთავაზება, ერთი იყო საზოგადოებრივ მაუწყებელში თოქშოუს წაყვანა და მეორე-კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელობა. მაშინ მეორე ავირჩიე ბევრი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზის გამო, რასაც ნამდვილად არ ვნანობ, პირიქით. უკვე 4 წელია ამ კომპანიაში ვმუშაობ, ახლა უკვე ვარ კომუნიკაციების დირექტორი, მაბარია რამდენიმე სერიოზული მიმართულება და ძალიან საჭირო და საინტერესო საქმეს ვემსახურები. ხელს მიწყობს ისიც, რომ 2008-2010 წელს დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის MBA. პირველად ამ მხრივ თვითრეალიზაციის საშუალება სწორედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში მომეცა.

HR hub: ამბობენ ტელევიზიაში ვინც ერთხელ შედგამს ფეხს, მისით ,,იწამლება“ და უკან ვეღარ გამოდისო. არ გიფიქრიათ დაბრუნებაზე?

არ მიყვარს და არ მინდა ვიყო ემოციურად დამოკიდებული რაიმეზე. არასოდეს მინანია ის რომ ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ და თუ ოდესმე დავბრუნდები, დავბრუნდები მხოლოდ როგორც მენეჯერი. ამჟამინდელი მედიით აღფრთოვანებული არ ვარ და ალბათ ესეც განაპირობებს იმას, რომ ტელევიზიაში მუშაობის სურვილი არ მაქვს.

HR hub: როგორ უმკლავდებით კრიტიკას, რომელიც თქვენს მიმართ არა ერთხელ ყოფილა ?

არანაირად არ ვუმკლავდები, პასუხს ვცემდი და ვცემ იშვიათად, თუ ეს საჭიროდ მიმაჩნია. საკმაოდ დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, იმისთვის რომ კრიტიკაზე მწვავე რეაქცია მქონდეს.

HR hub: თუ მოუციათ თქვენთვის ისეთი რჩევა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

საბედნიეროდ ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა და ბევრი კარგი რჩევა მიმიღია. დღეს ჩემი საუკეთესო მრჩეველი ჩემი მეუღლეა და მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. განსაკუთრებით მის მთავარ რჩევას – ვეცადო შევხედო ჩემს თავს ყოველთვის გვერდიდან, სხვისი გადასახედიდან. ეს რჩევა ნამდვილად არ მავიწყდება.

HR hub: რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა აპირებს ჟურნალისტი გახდეს ?

ვეტყოდი რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აირჩიონ ეს პროფესია იმიტომ, რომ დღეს პოპულარულია. ჟურნალისტი უნდა გახდეს მხოლოდ ის, ვისაც შეუძლია თავდაუზოგავად მუშაობა, ვისაც შეუძლია ბევრი იკითხოს, ვისაც აქვს ადამიანებთან ურთიერთობის, მათი გახსნის უნარი. ჟურნალისტს სჭირდება ძალიან მაღალი ემოციური ინტელექტი, სჭირდება მიუკერძოებლობა. მოკლედ ეს ურთულესი პროფესიაა და იოლად ნუ აირჩევთ ამ გზას, ამას ვეტყოდი.

HR hub: 2008 წელს ჩააბარეთ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის  მაგისტრატურაზე. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება ?

როგორც უკვე გითხარით, არ მინდა ვიყო რამეზე ემოციურად დამოკიდებული, მათ შორის პროფესიაზე, მგონია რომ უნარიან ადამიანს ცვლილებების არ უნდა ეშინოდეს. რაღაც პერიოდში ისე მოხდა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო, სამსახურის გარეშე დავრჩი, უსაქმურობა კი ძალიან არ მიყვარს. ამიტომ ჩავაბარე თბილისის საუკეთესო ბიზნესის სკოლის მაგისტრატურაში, ეს იყო მაშინ იესემის(შემდეგ უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის) მაგისტრატურა და მივიღე ძალიან კარგი განათლება. მაგალითად მენეჯმენტს მასწავლიდა ისეთი მასშტაბის სპეციალისტი, როგორიცაა ნიკოლოზ მარკოზაშვილი. ძალიან გამიმართლა რომ მასთან და კიდევ არაერთ არაჩვეულებრივ პედაგოგთან ურთიერთობის და მათგან ცოდნის მიღების საშუალება მომეცა.

HR hub: 2013 წლიდან მუშაობთ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ – კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორის პოზიციაზე. ეს თქვენთვის ახალი გამოწვევა იყო. როგორია თანამშრომლების თვალით დანახული ეკა ბერიძე, როგორც მათი უფროსი ?

არ მინდა სტანდარტული ფრაზებით გაგცეთ პასუხი. ჩემს თანამშრომლებთან პირველ რიგში ვმეგობრობ. ჩემი თავისგან ვითხოვ იმაზე მეტს, ვიდრე მათგან, თუმცა ვერ ვარ ლოიალური, თუ ვინმე ზედაპირულად უდგება საქმეს. მინდა ვუყვარდე იმ ადამიანებს, ვინც ჩემთან მუშაობს და მინდა რომ საქმე აკეთონ კვალიფიციურად და მთელი სულით და გულით. მითუმეტეს რომ ჩემს დაქვემდებარებაშია ერთი მხრივ საინფორმაციო ცენტრი, მეორე მხრივ მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახური. მათ კი, თავის მხრივ უწევთ კომპანიის მომხმარებელთან ურთიერთობა, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემს თანამშრომლებს მოსწონთ ჩემთან ერთად საქმის კეთება. კარგად ვიცი, რომ თუ ვინმე დავალებას ვერ იგებს, ეს დავალების მიმცემის პრობლემაა და ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მკაფიოდ ავუხსნა ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ კოლეგებს თუ რას ვითხოვ მათგან და მუდმივად დავეხმარო მიცემული ამოცანის შესრულებისას.

HR hub: და ბოლოს, ჩამოთვალეთ რამდენიმე თვისება, რის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

პასუხისმგებლობის აღების უნარი, ეს არის ყველაზე მთავარი, დანარჩენი ისწავლება.

 

უხილავი შრომა სერვისის ინდუსტრიაში

მაია ხოსიტაშვილი – 2010 წლიდან ჩართულია მომსახურების ხარისხის სტანდარტების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების პროცესებში. გარდა პრაქტიკული გამოცდილებისა, იგი დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლის სტატუსით ატარებს სამეცნიერო კვლევას, რომელიც ეხება ემოციური შრომისა და ემოციური ინტელექტის როლს სერვისის ინდუსტრიაში.  იგი დამოუკიდებელი ტრენერი და კონსულტანტია, შესაბამისად თანამშრომლობს როგორც ბიზნეს, ასევე სამთავრობო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების, ასევე ხარისხის მართვის მიმართულებით. პროფესიული სპეციალიზაცია გავლილი აქვს მენეჯმენტის, ხარისხის მართვის, ლიდერობის,  ადამიანური რესურსების მართვის და კარიერის განვითარების  საკითხებზე. ამჟამად, იგი სოციალური უნარების ტრენინგების სამსახურის ხელმძღვანელია. HR hub-ის დაარსების დღიდან, მაია მისი აქტიური წევრია.

,,მე-9 წელია, რაც ჩართული ვარ მომსახურების ხარისხის სტანდარტების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების პროცესებში. თვალყურს ვადევნებ მომსახურების სფეროში მიმდინარე ტენდენციებს, რადიკალურ ცვლილებებს და გამოწვევებზე საპასუხო ქმედებებს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც მუშაობდა გუშინ, აღარ მუშაობს დღეს. ხოლო ის, რაც მუშაობს დღეს, აღარ იმუშავებს ხვალ. მხოლოდ ერთი რამ არის უცვლელი – მომსახურება იყო და რჩება სამუშაო ადგილების ზრდის მთავარ სექტორად.

მომსახურების მაღალი ხარისხი სულ უფრო მეტად ხდება კრიტიკული, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე კონკურენტული უპირატესობა ორგანიზაციებისთვის. დღეს კომპანიები კოტრდებიან იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტეს კლიენტებმა. მომხმარებელთა ,,გაძლიერების“, კერძოდ მათი ინფორმირებულობისა და  მოლოდინების ზრდის გამო, საბოლოოდ, XXI საუკუნე   ან მომხმარებელთა სუვერენიტეტის, ან  მათი ამბოხების ერად შეფასდება.

სერვის ინიციატივებმა სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან განაპირობა ,,ღიმილით მომსახურების“  და  ,,მომხმარებელთან მეგობრული მიდგომის“ აქცენტირება. თუმცა,  მიუხედავად ამისა, უხილავია ყველაზე არსებითი – ემოციური ფაქტორი, რომელიც საფუძვლად ედება მომხმარებელთან  ურთიერთობას.

ემოციური შრომის სახელდება და აღიარება ნიშნავს განსხვავებული მიდგომის დანერგვის აუცილებლობის დანახვას.   ჩვენ ვითხოვთ დასაქმებულისგან ,,ემოციების ქონას, ისევე როგორც კუნთებსა და გონებას“, ამიტომ აუცილებელია ვიზრუნოთ მათზე და მუდმივად ვაკონტროლოთ  თანამშრომელთა ,,ემოციური ბარომეტრები“, რათა დავიცვათ პროფესიული გადაწვისგან (ემოციური რესურსის ამოწურვა, ენერგეტიკული რესურსების გამოფიტვა, ემოციების ეროზია). სწორედ  გადაწვა არის მომხმარებლებთან ინტენსიური ურთიერთობის დროს თანამშრომელთა ემოციების ადეკვატური მართვის უძლურების ინდიკატორი, რაც უარყოფითად  აისახება ორგანიზაციულ შედეგებზე.

ემოციური შრომა არის ის, რაზეც ყველა ფიქრობდა გულის სიღრმეში, თუმცა არასოდეს ყოფილა შესაბამისად ვერბალიზებული. დღეს კი დადგა ამის აუცილებლობა. სერვისის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად კრიტიკული მნიშვნელობის ხდება სწორედ ემოციურ შრომასთან და ინტელექტთან დაკავშირებული „XXI საუკუნის  უნარების“ განვითარება.

,,მომსახურების თეატრი“

მომხმარებელზე ზრუნვა, თავაზიანობა და თანაგრძნობა ძირითადია იმ ემოციურ უნარებს შორის, რასაც ორგანიზაცია ითხოვს მათგან. მიუხედავად ამისა,  ხშირად ვხედავთ თანამშრომლებს, რომლებიც გამოხატავენ ,,ყალბ“ ემოციებს და ე. წ.  „ავტოპილოტის“ რეჟიმში ასრულებენ სამუშაოს. ემოციური ჩართულობის გარეშე კი ადამიანები და  ორგანიზაცია მექანიკურ მანქანებად იქცევიან, რომელთაც სამუშაო დღის დასაწყისში ერთვებათ ღილაკი “ON“. ,,მანქანები“ კი ვერ უზრუნველყოფენ ადამიანურ მომსახურებას (Human service). ასეთმა მდგომარეობამ მომხმარებლებს შესაძლოა გაუჩინოს სიცივისა და უნდობლობის განცდა. ბუნებრივია, ადამიანებისთვის მატერიალური სიკეთე მნიშვნელობას კარგავს, როცა ისინი ვერ გრძნობენ ემოციურ კმაყოფილებას, პატივისცემას და ანგარიშის გაწევას. მომსახურება ემოციური ჩართულობისა და ზრუნვის დამაჯერებელი გამოხატვის გარეშე ძირს უთხრის მომხმარებელთა ნდობას, რაც უარყოფითად აისახება ორგანიზაციის შედეგებზე.
სამუშაო ადგილი არის სცენა, თანამშრომელი – მსახიობი, მომხმარებელი კი – აუდიტორია. თანამშრომლები ახდენენ მათი ემოციების რეგულირებას, რათა უპასუხონ ორგანიზაციულ მოლოდინებს. მათი პროფესიული იმიჯი და ანაზღაურება ხომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული.  მათ იციან, რომ ყოველდღიურად უნდა წარსდგნენ სცენაზე მომხმარებელთა წინაშე,  შეაფასონ მათი ემოციური მდგომარეობა და განახორციელონ შესაბამისი ქცევა.  აუცილებელია, რომ მიესალმონ მე-100-ე მომხმარებელს ისეთივე გულწრფელობითა და თავაზიანობით, როგორც  პირველს. მათ უწევთ იმ ემოციების გამოხატვა, რომლებსაც შეიძლება არ გრძნობდნენ, თუმცა შეესაბამება კონტექსტსა და მათი პროფესიული როლის მოთხოვნებს. მხოლოდ შესვენებებზე და სამსახურის შემდეგ არის მათთვის შესაძლებელი, შეწყვიტონ თამაში…

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ემოციურ შრომას სათანადოდ არ ითვალისწინებენ ორგანიზაციები მაშინაც კი, როდესაც ის უშუალოდ უკავშირდება ორგანიზაციულ მიზნებს. ეს განპირობებულია იმით, რომ საკითხი არის მიუწვდომელი – ემოციური შრომის დანახვა, გაზომვა და შეფასება რთულია ფიზიკური თუ გონებრივი შრომისგან განსხვავებით. ეს არის „უხილავი“ შრომა, რომელიც სცდება სამუშაოს პარამეტრების საზღვრებს. აღიქმება, როგორც თავისთავადი პროცესი, რომელიც არ განიხილება პროფესიული უნარების კონტექსტში. სწორედ ამიტომ, დღემდე მას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა.

დასაქმებული:

,,…მომხმარებელთა განწყობასა და ემოციებს თითოეული ჩვენგანი აირეკლავს, რაც ემოციურ ძალისხმევას უკავშირდება… ხშირად, დამცინიან და მეუბნებიან, ღონეგამოცლილს ჰგავხარო, მაგრამ მაინც ვიღიმი. არის დღეები, როდესაც დღის ბოლოს იმდენად დაღლილი ვარ,  ვფიქრობ სადმე ფიზიკური შრომა ხომ არ მომიწია, თითქოს დიდი ყუთები გადავზიდე…“.

,,ეს არის ემოციურად დატვირთული სამსახური. აქ რომ იმუშაო, პირველ რიგში, ადამიანები უნდა გიყვარდეს. ისინი ყოველდღე მოდიან თავიანთი პრობლემებით და ითხოვენ ჩვენგან განსაკუთრებულ მოპყრობას.  ჩვენ კი გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ვიყოთ ემპათიურები და ყველა საკითხში დავეხმაროთ. ჩვენი ფუნქციაა ვაგრძნობინოთ მათ ჩვენგან მხარდაჭერა…“.

 დამსაქმებელი:

,,…ანაზღაურება დაბალია, თუმცა განსაკუთრებული არაფერია გასაკეთებელი. პროგრამული უზრუნველყოფის ათვისების შემდეგ ყველაფერი მარტივად კეთდება. პროცედურებსაც მალევე ისწავლიან. ასე რომ,  მათ მხოლოდ ,,დესკთან“ ჯდომა და ღიმილი ევალებათ. ამას განსაკუთრებული უნარები ან ნიჭი არ სჭირდება…“.

გაგრძელება შემდეგ სტატიაში

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებში „ბლექ სი გრუპი“ მონაწილეობს

 ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. Continue reading “ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებში „ბლექ სი გრუპი“ მონაწილეობს”

როგორია ილიაუნის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა რაოდენობრივი კვლევა ბიზნესის სკოლის 2016 წლის კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებლებთან დაკავშირებით. Continue reading “როგორია ილიაუნის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი?”

რუსთავში გიორგი ქადაგიძის ლექცია “პროფესიის შერჩევა თანამედროვე მსოფლიოში” გაიმართა

4 მარტს ქალაქ რუსთავის მუნიციპალურ თეატრში ილიაუნის ღია კარის დღე გაიმართა. Continue reading “რუსთავში გიორგი ქადაგიძის ლექცია “პროფესიის შერჩევა თანამედროვე მსოფლიოში” გაიმართა”

თეონა ბაღათურია: ,,შეცდომა მომსვლია და არა ერთხელ, მაგრამ ზუსტად აქედან ვისწავლე, როგორ აღარ უნდა დავუშვა შეცდომა.”

HR სფეროში საქართველოში მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალის www.hrhub.ge – ის რუბრიკის ,,HR მენეჯერი” სტუმარია საქართველოს თანაინვესტირების ფონდის HR დირექტორი – თეონა ბაღათურია.  Continue reading “თეონა ბაღათურია: ,,შეცდომა მომსვლია და არა ერთხელ, მაგრამ ზუსტად აქედან ვისწავლე, როგორ აღარ უნდა დავუშვა შეცდომა.””

გაიხსნა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“, რომელშიც 100 ადამიანია დასაქმებული

თბილისს ახალი სასტუმრო შეემატა. Continue reading “გაიხსნა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“, რომელშიც 100 ადამიანია დასაქმებული”

გოგონა საჭესთან – MERIK’S WEEKEND TAXI

თუ თბილისის ქუჩებში სიარულის დროს, თეთრი, Toyota Vitz-ის ტაქსი გააჩერეთ და საჭესთან ახალგაზრდა გოგონა დაგხვდათ, იცოდეთ რომ ეს 26 წლის მერიკოა კობერიძე. Continue reading “გოგონა საჭესთან – MERIK’S WEEKEND TAXI”

„აჭარა ტექსტილის“ ახალ საწარმოში 3000 ადამიანი დასაქმდება

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს მშენებლობას საფუძველი 2016 წლის 4 ოქტომბერს ჩაეყარა და 2018 წლის 22 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა.

აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა New Balance და Under Armour. ახალ საწარმოში 3000 ადამიანი დასაქმდება.

შპს „აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Puma, Lotto, Erima ხოლო, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება “New Balance” და “Under Armour”. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია, კერძოდ კი საწარმოში დამზადებული პროდუქცია იგზავნება თურქეთში არსებული კომპანიის სათაო ოფისში, საიდანაც ხდება პროდუქციის გადანაწილება მსოფლიოს მაშტაბით.

აწარმოესაქართველოში ქართულიადაკარგია