შემოგვიერთდით

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ინგლისში იტალიური რესტორნის დიზაინერ-ილუსტრატორად აიყვანეს

ლიკა კვირიკაშვილი, 43 ნაბეჭდი და 25 ქინდლის წიგნის ილუსტრატორია. მისი ნამუშევრები იყიდება წიგნების ონლაინ საიტებზე, გამომცემლობების პირად ვებ-გვერდებზე, ადგილობრივ მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში. ის არის რამდენიმე ბესტსელერი წიგნის ილუსტრატორი. ესენია ცნობილი ამერიკელი ტელე-რადიო წამყვანის, მწერლისა და საჯარო სპიკერის, Jacqui Phillips-ის წიგნი „RESET”, რომელმაც დიდი წარმატება და გამოხმაურება მოიპოვა ადგილობრივი პრეზენტაციებითა და ონლაინ გაყიდვების რაოდენობით. ასევე ცნობილი ამერიკელი სპორტსმენის, კუნფუს ჩემპიონის და ამჟამად ცნობილი ტრენერისა და მამოტოვირებელი სპიკერის  Sifu Romain-ის წიგნი „Unbreakable”.

ლიკა სულ ახლახანს ინგლისში, იტალიური რესტორნის გრაფიკულ დიზაინერ-ილუსტრატორად აიყვანეს. HR hub ესაუბრა მას და ინტერვიუც მოგიმზადათ.

HR hub: ლიკა მოგვიყევით თქვენი განათლების შესახებ. სად სწავლობდით და რა დაამთავრეთ ?

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მოდის დიზაინის ფაკულტეტი. ამ პერიოდში დავინტერესდი გრაფიკული პროგრამებით და ჩავაბარე ჯიპას სარეკლამო-გრაფიკული დიზაინის კურსებზე. აკადემიის სწავლის პერიოდში პარალელურად მიტაცებდა წიგნის ილუსტრაცია და ჯიპას პროგრამების შესწავლის შემდეგ ვცადე გრაფიკულად შემექნა ილუსტრაციები, რამაც მოულოდნელი შედეგი გამოიღო და უკვე 5 წელია წიგნის ილუსტრატორად ვმუშაობ.

წიგნის ყდა – Yellow raincoat and red mittens, მწერალი Davit Whiting

HR hub: თქვენ ხართ Risque Dukes Swim Apparel-ის დიზაინერი. როგორც ვიცი, ეს კომპანია ამერიკაში მოღვაწეობს. როგორ დაიწყეთ იქ მუშაობა ?

ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე წიგნის გამომცემლობებთან ინგლისში, ავსტრალიასა და ამერიკაში. ბოლო ერთი წელია ამიყვანეს “Risque dukes swim apparel”-ის ამერიკულ კომპანიაში, საცურაო კოსტუმების დიზაინერად. კომპანიის წარმომადგენლებმა ჩემი პორტფოლიო დაათვალიერეს ერთ-ერთ ფრილანსერულ საიტზე, რის შემდეგაც დამიკავშირდნენ და შემიკვეთეს პირველი საცურაო კოსტუმების ხაზი. ამჟამად ჩემი დიზაინის საცურაო კოსტუმები შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე risquedukes.com. რაც შეეხება მოდის დიზაინის სფეროს, მითანამშრომლია ისეთ ცნობილ ამერიკულ კომპანიასთან, როგორიცაა Coleman. შევქმენი ახალი დიზაინები წინა წლის კოლექციისთვის.

HR hub: სულ ახლახანს აგიყვანეს იტალიური რესტორნის გრაფიკულ დიზაინერად/ილუსტრატორად ინგლისში Capri restaurant-ში. როგორ მოხვდით იქ ?

სულ ახლახანს ამიყვანეს გრაფიკულ დიზაინერ/ილუსტრატორად იტალიურ რესტორანში Capri Italian Eatery, რომელიც მდებარეობს ინგლისში. მათაც ასევე ონლაინ პორტფოლიოთი მიპოვეს და რამოდენიმე პროექტის შესრულების შემდეგ დამიქირავეს.

HR hub: ხშირად მოგიწევთ თუ არა ინგლისში ჩასვლა თქვენი სამუშაოდან გამომდინარე?

ჯერ-ჯერობით ყველა პროექტი განვახორციელეთ ონლაინ მუშაობის რეჟიმში, სამომავლოდ შესაძლოა ლოკალურად მომიწიოს მუშაობა. თუმცა ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

HR hub: რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში ?

ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, კონტრაქტი და ხანგრძლივი თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ წიგნის გამომცემლობებთან, ასევე მოდის ილუსტრირების სფეროში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობა, რაც მეტ სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას შემმატებდა კარიერულად. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მივიღებ მსგავს შემოთავაზებებს.

                   წიგნის ყდა – The Dead Woman Who Lived, მწერალი Endellion Palmer
                   წიგნის ილუსტრაცია- Eventyr, tales of love beyond the grave, მწერალი Andrew O’Connell
 ალბომის ყდა – ფრანგი მუსიკოსის Konixion-ის  მუსიკალური დისკი Kakurenbo

ვინ არის Nikos-ReNe Nebadze, რომელსაც საბერძნეთში საკუთარი ყავის ბიზნესი აქვს

რევაზ ნებაძე უკვე 25 წელია საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. მას საბერძნეთში საკუთარი კომპანია აქვს, სადაც 8 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. რას საქმიანობს ReNe Coffee Roasters და როგორ შეძლო რევაზმა საბერძნეთში საკუთარი ბიზნესის დაწყება სტატიიდან შეიტყობთ.

HR hub: რამდენი ხანია რაც საბერძნეთში ცხოვრობთ ?

საბერძნეთში პირველად 1993 წელს ჩამოვედი.

HR hub: აქ რას საქმიანობდით ?

საქართველოში დავამთავრე ახალციხის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის დასრულებისთანავე ჩამოვედი საბერძნეთში.

HR hub: თქვენი კომპანიის შესახებ, რომ გვითხრათ. რა კომპანიაა, რა სერვისი გაქვთ ?

2016 წელს ჩამოვაყალიბე კომპანია ReNe Coffee Roasters.  კომპანია მაღალი ხარისხის ყავის გარდა აწარმოებს სხვადასხვა სახის შოკოლადის სასმელს. გვაქვს 28 სახის ჩაი. ვამარაგებთ კაფეებსა და ზღვისპირა პატარა სასტუმროებს  ნახევარ კუნძულ ხალკიდიკზე. პირადად ვატარებ სემინარებს ყავის დამზადების და ყავის საფუძველზე კოქტეილების შექმნის შესახებ.

HR hub: საიდან გაგიჩნდათ აღნიშნული კომპანიის შექმნის იდეა ?

საბერძნეთში ჩამოსვლის შემდეგ დავიწყე მუშაობა ყავის სფეროში. რადგან ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა როგორ ხდებოდა ყავის მომზადება და მომხმარებელთან მიტანა იმ სახით, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის აუცილებელი ატრიბუტი გახდა. ესპანეთში და იტალიაში გავიარე სწავლება ყავის მოხალვის  სფეროში. Speciality Coffee Association of Europe (SCAE) სერტიფიკატის აღების შემდეგ დავიწყე მუშაობა ჩემი ყავის ბრენდის შესაქმნელად.

HR hub: რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული ?

კომპანია ReNe-ში დასაქმებულია 8 ადამიანი.

HR hub: რას ურჩევდით საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ბიზნესის დაწყება ?

დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი საკმაოდ სარისკო საქმეა ახლანდელ საბერძნეთში. ამიტომ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც სურთ თავისი ბიზნესის წამოწყება ვურჩევ, კარგად გაერკვიონ კანონმდებლობაში, იყოლიონ კარგი ეკონომისტი, რადგან შედეგი დამოკიდებულია თქვენს ცოდნაზე, შრომის მოყვარეობაზე და რაც მთავარია მონდომებაზე.

ლევან ლეფსვერიძე: მაღლა ფრენა შეუძლია ყველას, თუ მოინდომებს და ბოლომდე დაიხარჯება

ლევან ლეფსვერიძე ლივინგსტონის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია. ის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და ჟიურის წევრია. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: როგორ დაიწყო თქვენი და  ლივინგსტონის ისტორია ?

ლივინგსტონის ისტორია დაიწყო ერთი Facebook გვერდის მართვით ოთხმა მეგობარმა. ეს იყო თიბისი სმარტ კლუბის გვერდი, პირველი ბრენდირებული facebook გვერდი საქართველოში.

HR hub: რას იტყოდით თანამშრომლების თვალით დანახულ ლევან ლეფსვერიძეზე, როგორი უფროსია ის ?

ალბათ მათი თვალით ვარ ყოველთვის მოუცლელი და მოჩქარე. მეტი ყურადღება რომ ჭირდებათ ჩემგან, ვიდრე ვახერხებ რომ დავუთმო.


HR hub: გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი გასაუბრება, როდესაც თქვენ გამსაუბრებლის როლში იყავით?

ეს იყო გასაუბრება ბატონ გიორგი ავალიანთან. ახლა ის ლივინგსტონის მთავარი ცეცხლის დამნთები და კრეატიული დირექტორია. მახსოვს ბანქოს კარტი ჰქონდა მოტანილი, წინასწარ თანმიმდევრობით დაწყობილი, ისე რომ ყოველ მომდევნო კარტის ამოღებაზე თითო ისტორიას ყვებოდა. საბოლოოდ მთელი დასტა ჩაამთავრა ისე, რომ მორალი ბოლოს გაცხადდა.

HR hub: შემცდარხართ კანდიდატის შერჩევაში ?
შეცდომები ბიზნესში ჩვეულებრივი ამბავია. რა თქმა უნდა ძალიან რთულია ერთი გასაუბრებით ბოლომდე გაიცნო ადამიანი.

 HR hub: ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ გასაუბრების დროს ?

გასაუბრების დროს, ყველაზე დიდი რისკია სწორად შეაფასო: საიდან მოდის კანდიდატის მოტივაცია. ხშირად მოტივაცია, არა საქმის სიყვარულიდან, არამედ ეგოიზმიდან იღებს საკვებ ენერგიას. ასეთ შემთხვევებში, კანდიდატის საქმიანობამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს გუნდურობის განცდას ორგანიზაციაში.

HR hub: შერჩევის დროს, ვის მიანიჭებდით უპირატესობას გამოცდილ კანდიდატს, ნაკლები მოტივაციით თუ გამოუცდელს და მოტივაციით სავსეს ?

თუ ასეთი არჩევანია, აუცილებლად გამოუცდელს დიდი მოტივაციით.

 HR hub: თქვენს სფეროში დასაქმების მიმართულებით, რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ პრობლემად ?

პროფესიული სასწავლებლების ნაკლებობას.

HR hub: თქვენ იყავით 2013 წლის Spotlight-ის სპიკერი და თემას ერქვა ,,მაღლა ფრენის ტრაექტორია“. როგორ ფიქრობთ მაღლა ფრენა ყველას შეუძლია ?

მაღლა ფრენა შეუძლია ყველას, თუ მოინდომებს და ბოლომდე დაიხარჯება.

ნათია სუბელიანი – ერთადერთი ქალი სასაზღვრო პოლიციაში

გაიცანით ეს ნათიაა სუბელიანი – ერთადერთი ქალი სასაზღვრო პოლიციაში, ვინც იარაღი აიღო, ფორმა ჩაიცვა და საზღვარს იცავს. Continue reading “ნათია სუბელიანი – ერთადერთი ქალი სასაზღვრო პოლიციაში”

გურამ შეროზია – გასაუბრება, რომელიც მახსოვს – საქართველოს ბანკის გასაუბრებაზე მოვხვდი, ჩემთვის პირველი იყო

HRhub.ge – წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას: #გასაუბრება, რომელიც მახსოვს. Continue reading “გურამ შეროზია – გასაუბრება, რომელიც მახსოვს – საქართველოს ბანკის გასაუბრებაზე მოვხვდი, ჩემთვის პირველი იყო”

ეკა ბერიძე: ,,პასუხისმგებლობის აღების უნარი, ეს არის ყველაზე მთავარი, დანარჩენი ისწავლება.”

ეკა ბერიძე 1999 წლიდან აქტიური ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავი 2-ზე, საზ. მაუწყებელზე, მეცხრე არხზე და სხვა ქართულ ტელევიზიებში. იყო გადაცემების ავტორი, წამყვანი და პროდიუსერი. აქტიური ჟურნალისტიკიდან მენეჯმენტში გადაინაცვლა და 2013 წლიდან დღემდე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ – კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორია.

ჩვენ ეკას ვესაუბრეთ მის ამჟმინდელ და ყოფილ საქმიანობაზე. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: ეკა თქვენ პროფესიით ფილოლოგი ხართ. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მთავარი პროფესია მაინც ჟურნალისტობაა. დაახლოებით 21 წლის განმავლობაში იმუშავეთ სხვადასხვა ტელევიზიაში და საკმაოდ წარმატებულიც იყავით. რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობისთვის თავი დაგენებებინათ ?

ბოლოს, როგორც ტელეწამყვანი, ტელეკომპანია მე-9 არხზე ვმუშაობდი. როდესაც ეს არხი დაიხურა, მქონდა ორი შეთავაზება, ერთი იყო საზოგადოებრივ მაუწყებელში თოქშოუს წაყვანა და მეორე-კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელობა. მაშინ მეორე ავირჩიე ბევრი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზის გამო, რასაც ნამდვილად არ ვნანობ, პირიქით. უკვე 4 წელია ამ კომპანიაში ვმუშაობ, ახლა უკვე ვარ კომუნიკაციების დირექტორი, მაბარია რამდენიმე სერიოზული მიმართულება და ძალიან საჭირო და საინტერესო საქმეს ვემსახურები. ხელს მიწყობს ისიც, რომ 2008-2010 წელს დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის MBA. პირველად ამ მხრივ თვითრეალიზაციის საშუალება სწორედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში მომეცა.

HR hub: ამბობენ ტელევიზიაში ვინც ერთხელ შედგამს ფეხს, მისით ,,იწამლება“ და უკან ვეღარ გამოდისო. არ გიფიქრიათ დაბრუნებაზე?

არ მიყვარს და არ მინდა ვიყო ემოციურად დამოკიდებული რაიმეზე. არასოდეს მინანია ის რომ ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ და თუ ოდესმე დავბრუნდები, დავბრუნდები მხოლოდ როგორც მენეჯერი. ამჟამინდელი მედიით აღფრთოვანებული არ ვარ და ალბათ ესეც განაპირობებს იმას, რომ ტელევიზიაში მუშაობის სურვილი არ მაქვს.

HR hub: როგორ უმკლავდებით კრიტიკას, რომელიც თქვენს მიმართ არა ერთხელ ყოფილა ?

არანაირად არ ვუმკლავდები, პასუხს ვცემდი და ვცემ იშვიათად, თუ ეს საჭიროდ მიმაჩნია. საკმაოდ დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, იმისთვის რომ კრიტიკაზე მწვავე რეაქცია მქონდეს.

HR hub: თუ მოუციათ თქვენთვის ისეთი რჩევა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

საბედნიეროდ ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა და ბევრი კარგი რჩევა მიმიღია. დღეს ჩემი საუკეთესო მრჩეველი ჩემი მეუღლეა და მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. განსაკუთრებით მის მთავარ რჩევას – ვეცადო შევხედო ჩემს თავს ყოველთვის გვერდიდან, სხვისი გადასახედიდან. ეს რჩევა ნამდვილად არ მავიწყდება.

HR hub: რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა აპირებს ჟურნალისტი გახდეს ?

ვეტყოდი რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აირჩიონ ეს პროფესია იმიტომ, რომ დღეს პოპულარულია. ჟურნალისტი უნდა გახდეს მხოლოდ ის, ვისაც შეუძლია თავდაუზოგავად მუშაობა, ვისაც შეუძლია ბევრი იკითხოს, ვისაც აქვს ადამიანებთან ურთიერთობის, მათი გახსნის უნარი. ჟურნალისტს სჭირდება ძალიან მაღალი ემოციური ინტელექტი, სჭირდება მიუკერძოებლობა. მოკლედ ეს ურთულესი პროფესიაა და იოლად ნუ აირჩევთ ამ გზას, ამას ვეტყოდი.

HR hub: 2008 წელს ჩააბარეთ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის  მაგისტრატურაზე. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება ?

როგორც უკვე გითხარით, არ მინდა ვიყო რამეზე ემოციურად დამოკიდებული, მათ შორის პროფესიაზე, მგონია რომ უნარიან ადამიანს ცვლილებების არ უნდა ეშინოდეს. რაღაც პერიოდში ისე მოხდა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო, სამსახურის გარეშე დავრჩი, უსაქმურობა კი ძალიან არ მიყვარს. ამიტომ ჩავაბარე თბილისის საუკეთესო ბიზნესის სკოლის მაგისტრატურაში, ეს იყო მაშინ იესემის(შემდეგ უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის) მაგისტრატურა და მივიღე ძალიან კარგი განათლება. მაგალითად მენეჯმენტს მასწავლიდა ისეთი მასშტაბის სპეციალისტი, როგორიცაა ნიკოლოზ მარკოზაშვილი. ძალიან გამიმართლა რომ მასთან და კიდევ არაერთ არაჩვეულებრივ პედაგოგთან ურთიერთობის და მათგან ცოდნის მიღების საშუალება მომეცა.

HR hub: 2013 წლიდან მუშაობთ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ – კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორის პოზიციაზე. ეს თქვენთვის ახალი გამოწვევა იყო. როგორია თანამშრომლების თვალით დანახული ეკა ბერიძე, როგორც მათი უფროსი ?

არ მინდა სტანდარტული ფრაზებით გაგცეთ პასუხი. ჩემს თანამშრომლებთან პირველ რიგში ვმეგობრობ. ჩემი თავისგან ვითხოვ იმაზე მეტს, ვიდრე მათგან, თუმცა ვერ ვარ ლოიალური, თუ ვინმე ზედაპირულად უდგება საქმეს. მინდა ვუყვარდე იმ ადამიანებს, ვინც ჩემთან მუშაობს და მინდა რომ საქმე აკეთონ კვალიფიციურად და მთელი სულით და გულით. მითუმეტეს რომ ჩემს დაქვემდებარებაშია ერთი მხრივ საინფორმაციო ცენტრი, მეორე მხრივ მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახური. მათ კი, თავის მხრივ უწევთ კომპანიის მომხმარებელთან ურთიერთობა, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემს თანამშრომლებს მოსწონთ ჩემთან ერთად საქმის კეთება. კარგად ვიცი, რომ თუ ვინმე დავალებას ვერ იგებს, ეს დავალების მიმცემის პრობლემაა და ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მკაფიოდ ავუხსნა ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ კოლეგებს თუ რას ვითხოვ მათგან და მუდმივად დავეხმარო მიცემული ამოცანის შესრულებისას.

HR hub: და ბოლოს, ჩამოთვალეთ რამდენიმე თვისება, რის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

პასუხისმგებლობის აღების უნარი, ეს არის ყველაზე მთავარი, დანარჩენი ისწავლება.

 

საჯარო სამსახურის ბიუროს ვიდეორგოლი: “როგორ გავხდე საჯარო მოხელე?”

საჯარო სამსახურის ბიურო სოც. ქსელში ვიდეორგოლს ,”როგორ გავხდე საჯარო მოხელე?” აქვეყნებს. Continue reading “საჯარო სამსახურის ბიუროს ვიდეორგოლი: “როგორ გავხდე საჯარო მოხელე?””

როგორი CV ექნებოდა ივანე ჯავახიშვილს ?

  • პირადი ინფორმაცია

სახელი გვარი: ივანე ჯავახიშვილი

დაბადების თარიღი : 11 (23) აპრილი 1876 წ. Continue reading “როგორი CV ექნებოდა ივანე ჯავახიშვილს ?”

ალექსი ჩიქოვანი: არასდროს უნდა იყო შენი თავით კმაყოფილი – ჩათვალე რომ მაგარი ხარ ? მორჩა, საქმე ცუდად არის.

სახელი გვარი / პროფესია

ალექსი ჩიქოვანი – ბრენდინგის კონსულტანტი Continue reading “ალექსი ჩიქოვანი: არასდროს უნდა იყო შენი თავით კმაყოფილი – ჩათვალე რომ მაგარი ხარ ? მორჩა, საქმე ცუდად არის.”